მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოთხოვნის ზრდის ფონზე, აგრომეურნეობა „ფერმა ოდაში" რეგიონულ გაფართოებას გეგმავს

ფერმა ოდაში

ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში მდებარე აგრომეურნეობა „ფერმა ოდაში“ ორგანულ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას აფიქსირებს და მომავალი წლიდან რეგიონულ გაფართოებას გეგმავს. ფერმის თანადამფუძნებელი სალომე კალანდაძე BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ აცხადებს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც პროექტის ახალ ეტაპზე გადასვლას შესაძლებელს ხდის.

მისი ინფორმაციით, თუ საქმიანობის საწყის ეტაპზე აგრომეურნეობის პაკეტით დაახლოებით 100 მომხმარებელი სარგებლობდა, გასულ წელს მათი რაოდენობა უკვე 200-მდე გაიზარდა.

„წლიდან წლამდე ვიზრდებით. შარშან, 200 პაკეტი გავყიდეთ, თუმცა ბუნებრივი პირობების გამო – გვალვისა და დიდთოვლობის გათვალისწინებით, ყველა მომხმარებლის დაკმაყოფილება სრულად ვერ მოვახერხეთ, რასაც მომავალ სეზონზე სრულად გავითვალისწინებთ“, – ამბობს კალანდაძე.

აგრომეურნეობა "ოდაში" პროდუქციის რეალიზაციას „საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობის“ (CSA) მოდელით ახორციელებს, რაც მომხმარებლის მხრიდან სეზონის დაწყებამდე პაკეტის წინასწარ შეძენას გულისხმობს. პაკეტი მოიცავს 5 ან 10 კილოგრამიან კალათას, რომელიც 22 კვირის განმავლობაში, ყოველკვირეულად ნაწილდება და 8-12 სახეობის სეზონურ ბოსტნეულს აერთიანებს.

მიმდინარე წელსაც ფერმა კვლავ 200 პაკეტის გაყიდვას გეგმავს და რეალიზაციას უკვე იწყებს. ამ ეტაპზე მიწოდება მხოლოდ თბილისში ხორციელდება, თუმცა სალომე კალანდაძის თქმით, მოთხოვნა გაჩნდა ქუთაისიდან და ბათუმიდანაც, რის გამოც კომპანია 2027 წლიდან რეგიონებში მიწოდების დაწყებას გეგმავს.

აგრომეურნეობის სტრატეგიულ მიმართულებად რჩება ბავშვებისთვის განკუთვნილი ორგანული პროდუქციის წარმოება: „გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მშობლები აქტიურად ეძებენ პატარებისთვის სუფთა და ორგანულ პროდუქტს. ჩვენი მიზანია, სწორედ ამ მიმართულებით გავზარდოთ წარმოება და მომხმარებელს ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქტი შევთავაზოთ“, – აცხადებს „ოდაშის“ თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები