"საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ მოტოტრანსპორტის მართვის მოწმობის აღება ორეტაპიანი უნდა გახდეს. ამის შესახებ მან BMG-სთან მოტოციკლეტის მონაწილეობის ავარიების რიცხვის გაზრდილ მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა. ის ამბობს, რომ შემთხვევების ზრდა ტრანსპორტის რაოდენობის ზრდასთან არის კავშირში.
„მოტოციკლეტების მხრივ სტატისტიკა ძალიან ცუდია და მე ამ სატრანსპორტო საშუალებებს, გამორჩენილებს ვეძახი, იმიტომ რომ ბევრ ჩანაწერში მათ შესახებ ძალიან ცოტა რამ მოიძებნება, მათ შორის თბილისის სატრანსპორტო განვითარების სქემაში საერთოდ არ არის მოხსენებული. არადა რეალურად იმ სურათმა, რაც გვაქვს, საცობებმა, საპარკინგე სივრცეების შემცირებამ, ამ სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნა გაზარდა, შესაბამისად რაოდენობა არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც გაიზარდა. რადგან რაოდენობა გაიზარდა, გაიზარდა საგზაო შემთხვევებიც, ეს გარდაუვალია.
რა შეიძლება ამ მიმართულებით მოხდეს, მათზე ზრუნვა ყველა შემთხვევაში მუნიციპალიტეტების დონეზე უნდა დავიწყოთ. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ საპარკინგე მონიშვნას, სადაც მოტოტრანსპორტი მოიაზრება, არადა ყველა განვითარებულ ქვეყანაში და ქალაქში, არის მათთვის ინფრასტრუქტურა შექმნილი. მეორე და მთავარი ეს არის ცოდნა, ეს კულტურა ახალი ჩვენთვის, აქამდე არ იყო აქტიურად გამოყენებადი, ახლა რადგან ეს ტრანსპორტად გამოიყენება, შესაბამისი ცოდნის მიღების და ამ ცოდნის გადამოწმების საჭიროება დადგა.
ახლა მოტოსთვის რომ მართვის მოწმობა ავიღოთ, ამისთვის მხოლოდ საგამოცდო სისტემის პირველი ნაწილი გვჭირდება, ანუ მხოლოდ რვიანში გავლა, რაც რა თქმა უნდა შესაბამისს ცოდნას და საფუძველს არ იძლევა, რომ ეს ხალხი უსაფრთხოდ გადაადგილდეს. საგამოცდო სისტემა უნდა დავაწიოთ ამას. სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს საგზაო უსაფრთხოება. შემდეგ სადაც ავტო-მოტოს სწავლობენ, უნდა ჰქონდეთ მინიმალური პროგრამა, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს, ვინც მართვის მოწმობას აიღებს. პირველი პრაქტიკული გამოცდის შემდეგ როგორც ავტომობილებშია უნდა იყოს მეორე პრაქტიკული გამოცდა. ვიცი, რომ მსგავსი გამოცდის ჩაბარება ქალაქის პირობებში რთულია, მაგრამ ეს საჭიროა და ამას სტატისტიკა აჩვენებს. ამაზე ადეკვატური პასუხი აუცილებელია“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.
საქართველოში მოტოციკლეტის მონაწილეობით ავარიების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუკი 2022 წელს წლიურად სულ 242 შემთხვევა დაფიქსირდა, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 649-ს მიაღწია. ბოლო 5 წლის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ 2019 წელს მაჩვენებელი 161 იყო, 2020-ში 177, 2021-ში 241.
შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს, მოტოციკლისტის მონაწილეობით მომხდარ ავარიებს 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 682 - დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში 5594 ავარია მოხდა, რაც 2022 წლის შემთხვევების რაოდენობას (5469) აჭარბებს. 2021 წლის სტატისტიკასთან (5863) შედარებით კი, შემცირებულია.
ამასთან, გასულ წელს ავარიების შედეგად დაიღუპა 442 ადამიანი, ხოლო 7310 დაშავდა. 2023 წელს ავარიების ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზი შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა (356 შემთხვევა) იყო. შემდეგ მოდის მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება (349) და დისტანციის დაუცველობა (349).