მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოცდის ინტერვალების გაუმჯობესებას მაშინ შევძლებთ, როცა 160 ავტობუსის მართვას მოვახერხებთ” - მერის მოადგილე

მერია

დღეს დილიდან დედაქალაქში 18-მეტრიანმა ავტობუსებმა დაიწყეს მოძრაობა. ახალი ავტობუსები მხოლოდ ერთ, N302 ხაზზე გაეშვა, მოძრაობის მარშრუტი კი დიდი დიღმის დასახლებიდან უნივერსიტეტის ქუჩამდეა. როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი, ქალაქში უკვე მოძრაობს 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ახალმა ტრანსპორტმა ჩაანაცვლა, სხვა ხაზებზე გადაინაცვლებენ.

“ახალმა 18-მეტრიანმა ავტობუსებმა ჩაანაცვლა 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც, თავის მხრივ, გადაინაცვლებს სხვა ხაზებზე და მოხდება მოცულობების ოპტიმიზაცია და გაუმჯობესება”, - ამბობს ხმალაძე.

მერის მოადგილე ავტობუსის გაჩერებებზე მოცდის დროის შემცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო ინტერვალი მას შემდეგ შემცირდება, როცა დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტომობილების 160-ვე ერთეული ამოქმედდება.

“ინტერვალების გაუმჯობესებას შევძლებთ მაშინ, როდესაც სრული რაოდენობით, 160 ერთეული ავტობუსის მართვას მოვახერხებთ. ეს მოხდება წლის ბოლოდან. ცხადია, ეტაპობრივად გაუმჯობესება სახეზე იქნება ტევადობის თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, ისეთი რეალობა გვქონდა გაჩერებებზე, რომ ზოგჯერ ავტობუსები პიკის საათებში, იმ ნაკადების გადაადგილებას ვერ აუდიოდნენ, რომლებიც გაჩერებებზე იყრიდნენ თავს, სწორედ ამიტომაც დაიგეგმა 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა და ცხადია, გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი”, - ამბობს ირაკლი ხმალაძე.

მერის მოადგილის ინფორმაციით, გარდა აღნიშნული მარშრუტისა, თუ სად გადაადგილდება 18-მეტრიანი ავტობუსები, ეტაპობრივად გახდება ცნობილი. თუმცა ვიცით, რომ საუბარია დედაქალაქის 10 მთავარ მაგისტრალზე, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსების გაბარიტებიდან გამომდინარე, მათი გადაადგილების პრობლემა არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მერიამ 18-მეტრიანი ავტობუსების 160 ერთეული უკვე შეიძინა, საიდანაც 50 ავტობუსი უკვე საქართველოშია და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გამოჩნდება დედაქალაქში. ხმალაძის ინფორმაციით, დარჩენილი 110 ერთეული თბილისში წლის ბოლომდე შემოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები