მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოცემულ ვითარებაში რთულია, უცხოელი ინვესტორები დაარწმუნო, საქართველოში ინვესტირება გააგრძელონ - ლაშა ნოდია

ლაშა ნოდია

იურიდიული ფირმა "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარება და მთავრობის განცხადებები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება.

როგორც BMG-ის კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, ლაშა ნოდიამ განუცხადა, მათი ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტები არ გაჩერებულა, თუმცა ბიზნესი გარკვეულწილად მოლოდინის რეჟიმშია. მისივე თქმით, ქვეყნის სტაბილურად განვითარებისთვის აუცილებელია არსებული დაძაბული ვითარება დროულად მოგვარდეს.

„მნიშვნელოვანია, როგორც უცხოურ, ასევე ადგილობრივ ბიზნესს ესმოდეს, საით მიდის ქვეყანა. როდესაც აკეთებ განცხადებას, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით არ ხსნი მოლაპარაკებებს, ეს გაუგებრობას იწვევს. მეორე მხრივ, ქვეყნის სტაბილურობის მიმართ კითხვები წარმოიშვა, ქუჩაში ცუდი სიტუაციაა, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეების, ჟურნალისტების უფლებები იყოს დაცული.

ამ პირობებში, რთულია რეინვესტირებაზე ფიქრი, ან უცხოელი ინვესტორები დაარწმუნო, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა და უთხრა, მოდი, გააგრძელე ინვესტიციების ჩადება. ჩვენ რა პროექტებიც გვაქვს, ინვესტორებს ჯერჯერობით არ გაუჩერებიათ, მაგრამ მოლოდინის რეჟიმია და კითხვები აქვთ. დიდი მნიშვნელობა ექნება, რამდენად დროულად გადაწყდება ის საკითხები, რაც საქართველოს წინაშე დგას, არ შეიძლება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მთავრობას არალეგიტიმურად მიიჩნევდეს და არჩევნები არ იყოს აღიარებული. ეს რეჟიმი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას მნიშვნელოვნად შეარყევს“, - განაცხადა ლაშა ნოდიამ.

ცნობისთვის, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55%-ით შემცირდა და მან მხოლოდ $198 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წლის 9 თვეში FDI-ის მოცულობა 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით, ანუ 640 მილიონი დოლარით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები