მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოთხოვნის ზრდასთან ერთად ავტომობილების ფასიც იზრდება“– „კავკასიის ავტოიმპორტი“

63c5285a63a98
თინათინ ნატმელაძე
16.01.23 16:07
1115
ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორადი ავტომობილების ფასები საშუალოდ 14.9%-ით შემცირდა, აღნიშნული სტატისტიკა Manheim-ის აუქციონის მონაცემებს ეყრდნობა.

საინტერესოა, რამდენად იმოქმედა აღნიშნულმა სტატისტიკამ ქართულ ბაზარზე, გაიაფდა თუ არა ავტომობილების ფასები, ამ საკითხზე BM.GE ქართველ ავტოიმპორტიორებს დაუკავშირდა. როგორც „კავკასიის ავტოიმპორტის“ გაყიდვების დირექტორი ალექსანდრე ვეკუა ამბობს, საქართველო მანქანებს Manheim-ზე პრაქტიკულად არ ყიდულობს, შესაბამისად, ტენდენცია საქართველოში ავტომანქანების საფასურზე გავლენას ვერ მოახდენდა.

„Manheim-ის სტატისტიკა ჩვენ ვერ შეგვეხება, რადგან აქ დაუზიანებელი მანქანები იყიდება და ძირითადად შიდა ბაზარზეა ორიენტირებული, ჩვენი რეგიონი კი მანქანებს უმეტესად კოპარტისა და სადაზღვევო აუქციონების პლატფორმებზე ყიდულობს, აქ მანქანები მცირე დაზიანებებით იყიდება და ჩვენთვისაც უფრო იაფი ჯდება.

კოპარტისა და სადაზღვევო აუქციონების პლატფორმებზე კი ფასის მკვეთრი ვარდნა არ შეინიშნება, კლების მხრივ, პოზიტიური ტენდენციები არის, მაგრამ არც ისეთი დიდი“, - განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.

რაც შეეხება ქართულ ბაზარზე არსებულ ამჟამინდელ საფასურს, „კავკასიის ავტოიმპორტის“ გაყიდვების დირექტორი აღნიშნავს, რომ ის მოთხოვნის ზრდასთან ერთად იმატებს.

„ჩვენს შემთხვევაში ფასები დამოკიდებულია რეგიონის მოთხოვნაზე, საქართველო სატრანსპორტო განაწილების მხრივ ერთგვარი ჰაბია რეგიონში, ჩვენი მოთხოვნა სადაზღვევო აუქციონებზე ფასს არეგულირებს, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდასთან ერთად საფასურიც იზრდება.

ამჟამად შედარებით შემცირებულია მოთხოვნა, იანვარი-თებერვალი ზოგადად სულ ნაკლებმომგებიანია გაყიდვების მხრივ, მაგრამ გაზაფხული-ზაფხულისთვის მოთხოვნის ზრდას ველოდებით, ანუ ფასიც მოიმატებს. ამ ეტაპზე ფასები წინა წელთან შედარებით 20-30%-თაა გაზრდილი“, - აცხადებს ალექსანდრე ვეკუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები