მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორადი ავტომობილების სიჭარბემ ფასები 15-20%-ით შეამცირა - "კავკასუს ავტოიმპორტი"

ავტოიმპორტი

მეორადი ავტომობილების იმპორტიორები ამბობენ, რომ გასულ წელს დიდი რაოდენობით შესყიდული ავტომობილების გაყიდვა ბოლო რამდენიმე თვეა გართულდა. მათი თქმით, ჭარბ მიწოდებას მოთხოვნა ვერ ეწევა, რის გამოც კომპანიებს სარეალიზაციო ფასის შემცირება უწევთ.

"კავკასუს ავტოიმპორტის" კომერციული დირექტორი ალექსანდრე ვეკუა ამბობს, რომ ამ მიზეზით ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი შენელდა, ხოლო ფასების კლება გასულ წელთან შედარებით 15-20%-ია.

“იმპორტი შემცირებულია, რეექსპორტს რაც შეეხება, 2%-იანი ზრდაა. შარშან ამ დროს იყო საავტომობილო დეფიციტი, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა, ამან კი ბიძგი მისცა ავტოიმპორტიორებს, რომ უფრო მეტი ავტომობილის იმპორტი განეხორციელებინათ. თუმცა თვითონ რეექსპორტის ტენდენცია დიდად არ გაზრდილა, შესაბამისად, მივიღეთ ჭარბი მიწოდება, რამაც გამოიწვია ავტობაზრობების გადავსება და ფასების კლება. ავტო ბაზრობებზე დღეს ფასი 15-20%-ით არის დაკლებული და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი გამოწვევაა", - ამბობს ალექსანდრე ვეკუა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით 2024 წლის იანვარ-თებერვალში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 258.1 მლნ. აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 36%-იანი კლება იყო. რაც შეეხება რეექსპორტს, ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტის სახით 262.6 მლნ. აშშ დოლარის ღირებულებით მსუბუქი ავტომობილები გავიდა, რაც თითქმის 11%-იანი ზრდაა. განახლებული ინფორმაცია სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებით საქსტატმა 2024 წლის 19 აპრილს უნდა გამოაქვეყნოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები