აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა Google-ის საჩივარი მის წინააღმდეგ დაძრული პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.
Google-ის საჩივარი სააპელაციო სასამართლოს უკავშირდებოდა, რომელიც კომპანიას აიძულებს Play Store-ში არსებული წესები შეცვალოს და პლატფორმაზე წარმოდგენილ აპლიკაციებს მეტი თავისუფლება მისცეს.
თავად სასამართლო დავა Epic Games-მა წამოიწყო, რომელიც პოპულარული ვიდეოთამაშის, Fortnite-ის საგადახდო სისტემის შეზღუდვას ასაჩივრებდა. Epic Games-ის მტკიცებით, Google-ი მონოპოლიური ძალაუფლებით სარგებლობს და Play Store-ზე წარმოდგენილ დეველოპერებს აიძულებს აპლიკაციის შიგნით მომხდარი ტრანზაქციები Google-ის სისტემით გაატარონ, რაც ამერიკულ გიგანტს საკომისიო გადასახადის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, აღნიშნული პრაქტიკა წინააღმდეგობაშია ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან და Google-მა წესდება უნდა შეცვალოს, რასაც კომპანია არ ეთანხმება და უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს.
საბოლოო ჯამში, მოუწევს თუ არა Google-ს წესდების შეცვლა, ამას მხოლოდ მას შემდეგ გავიგებთ, რაც უზენაესი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.




























