კონკურენციის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ამათი ამაროვი BMGtv-ის გადაცემა "საქმიან დილაში" ამბობს, რომ 2024 წლის ბოლოს მიიღეს დოკუმენტი, რომლითაც მოვაჭრეები ვალდებულები არიან, ფასდაკლების დროს, ნივთს ის ფასიც მიუთითონ, რაც ფასდაკლებამდე ჰქონდა.
ამაროვის თქმითვე, ამ წესის შესრულება მოვაჭრეებისთვის მიმდინარე წლიდან იქნება სავალდებულო.
"წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ ფასის მითითების შესახებ სახელმძღვანელო, რომელში გაწერილია მოვაჭრის მიერ როგორ და რა ფორმით მიეთითოს ფასი. პირველ რიგში, გეტყვით, რომ საქონელზე თუ მომსახურებაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საბოლოო ფასი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფასში შესული უნდა იყოს დღგ და ნებისმიერი სხვა ხარჯი. ასევე, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, თუ არსებობს დამატებითი ხარჯი, მიწოდების საფასური ან ნივთის დამონტაჟების საფასური. ასევე დავადგინეთ რამდენიმე სტანდარტი მაგალითად ის, რომ როდესაც მოვაჭრე ფასდაკლებას აცხადებს აუცილებლად უნდა მიუთითოს სამი ფასი: თავდაპირველი სარეალიზაციო ფასი; ფასდაკლებული ფასი და ბოლო 30 დღის განმავლობაში რა მინიმალური ღირებულება ჰქონდა კონკრეტულ ნივთს. ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება ფასდაკლებების პერიოდში. ცხადდება ფასდაკლება, თუმცა გამოითვლება გაცილებით მაღალი ღირებულებიდან და არა იმ ღირებულებიდან, რომელიც ნივთს თუნდაც ორი კვირის წინ ჰქონდა", - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი.