მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოველით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს" - რა წერია ევროპული საბჭოს დასკვნებში საქართველოზე?

ევროპული საბჭო

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავე დროს, იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს და პრინციპებს, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ამის შესახებ ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.

გარდა ამისა, ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და აღნიშნავს, რომ გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს.

"ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის შეუფერხებელი წვდომით.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს უსვამს, ევროკავშირის მუდმივ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი და მის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას",- აღნიშნულია 17 ოქტომბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ვითარება ერთ-ერთი საკითხია, რასაც ლიდერები ბრიუსელში, 17-18 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომის ფარგლებში განიხილავენ.

ევროპული საბჭოს სხდომაზე დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაა. საბჭო დასკვნებში აღნიშნავს, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ ვალდებულებას, უზრუნველყოს პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისთვის, საჭიროების შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები