მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოვემზადოთ $100,000+ BTC-ბიტკოინისათვის“ - დავით ძიძიკაშვილის ბლოგი

6176abd846870
დავით ძიძიკაშვილი
26.10.21 10:15
2282
წარმოიდგინეთ ვირტუალური ფული, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს ისეთივე მარტივი პროცედურითა და ლოგიკური მეთოდით ერიცხება, როგორიც, მაგალითად, ელექტრონული წერილის გაგზავნაა, რომელშიც გამგზავნი მიუთითებს ადრესატის მისამართს და ერთი ღილაკის დაჭერით დამოუკიდებლად ასრულებს ტრანზაქციას ანონომურად და უსაფრთხოდ.
ასეთმა მახასიათებლებმა კრიპტოსამყარო უფრო მიმზიდველი გახადა ინდივიდუალური მომხმარებლისა და შემდგომ ინსტიტუციური და ინდივიდუალური ინვესტორებისთვის. ბოლო ორ წელიწადში განვითარების სწრაფი ტემპით ზრდის გამო დღეს კრიპტობაზარი თითქმის $2,7 ტრლიონს უტოლდება.

2021 წლის ოქტომბრის თვეში ბიტკოინის ფასი რამდენიმეჯერ მიუახლოვდა $70,000-იან ზღვარს და არსებული ეკონომიკური ტრენდებისა და მაჩვენებლების ანალიზით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბიტკოინი უახლოეს მომავალში ამ ზღვარსაც გადალახავს. ამიტომ, აქტიური მსჯელობა დაიწყება კრიპტოინვესტორების წრეში, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე ერთი ბიტკოინის ფასი $100,000 ზღვარსაც გასცდეს მიმდინარე ფინანსური თუ ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით. დღეს უკვე საკმაოდ დიდი პერსპექტივა არსებობს, რომ 2022-ში ვიხილოთ $100,000-იანი ბიტკოინი, რომლის ფასიც კვლავ განაგრძობს განვითარებას მზარდი ტრენდით.

რამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ დღეს კრიპტობაზარი, დაახლოებით, $2,7 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობისაა და კვლავაც განაგრძობს მზარდი ტემპით განვითარებას? ასეთი სწრაფი განვითარების ტემპი და ფასთა ზრდა კრიპტოვალუტისა და, ზოგადად, კრიპტოპროექტების პოპულარიზაცია და მიმზიდველობა რამდენიმე ფაქტს ეყრდნობა:

1. კრიპტოპროექტებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ისინი რეალურ სარგებელს სთავაზობენ მომხმარებელს და საზოგადოებას და ეს საკმაოდ პრაქტიკული და დაცული პლატფორმებია მრავალფუნქციური გამოყენებისათვის. მათი სრული პოტენციალი და შესაძლებლობები ჯერ კიდევ უცნობია.

2. კოვიდეპიდემიის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისების გადასაჭრელად ბევრმა სახელმწიფომ მიმართა ყველაზე ძველ და ეკონომიკურად არცთუ ისე გამართლებულ პროცესს - ეროვნული ფულის ბეჭდვას. ეროვნული ფულის ბეჭდვა, როგორც ზოგადი ეკონომიკური თეორიიდან ვიცით, ეს პროცესი იწვევს ინფლაციას და ინფლაციასთან ერთად გამოწვეული შესაძლო პანიკის ფონზე ეს შეიძლება ჰიპერინფლაციაშიც - სრულ ეკონომიკურ კატასტროფაში - მალევე გადაიზარდოს.

აშშ-ის მაგალითი - ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-მა დოლარის ძალიან დიდი რაოდენობა, ტრილიონობით დაბეჭდა კოვიდის ეპიდემიის გამო. ამას დავამატოთ ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტი ჯონ ბაიდენი სენატს აქტიურად სთხოვს, მხარი დაუჭიროს და დაუმტკიცოს დამატებითი $3.5 ტრილიონი აშშ დოლარი ინფრასტრუქტურული პაკეტი. თუ საკითხზე იმ გადმოსახედიდან ვიმსჯელებთ, რომ დღეს აშშ ეროვნული/შიდა ვალი, დაახლოებით, $29 ტრილიონია (126% მშპ-სი - debt/gdp ratio) და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, დამატებითი ბეჭდვა უფრო გააუარესებს ეკონომიკურ მდგომარეობას მომავალში, რადგანაც პანდემიის დასაწყისში, 2019 წელს, აშშ ეროვნული/შიდა ვალი $22 ტრილიონს არ აღემატებოდა.

ამას ინვესტორებიც ამჩნევენ და დოლარის რეზერვების შემცირებით რეინვისტირებასა და დივერსიფიცირებას ახორციელებენ სხვადასხვა სფეროში მოსალოდნელი პოტენციური საინფლაციო მაჩვენებლის რისკის დასაზღვევად.
სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძლიერი ეკონომიკური ეფექტი, რამაც ყველას - მსხვილი ინვესტორიდან საშუალო მომხმარებლამდე ყველას უბიძგა, რომ ანაბარზე დოლარი შეემცირებინათ და ამ თანხების დროულად რეინვესტირება მოეხდინათ მისი საინფლაციო მაჩვენებლის პოტენციური მომავალი დანაკარგის დასაზღვევად.

2020-2021 წლებში ეს ვითარება ფასიან ქაღალდებზეც აისახა: დოლარის ბეჭდვამ გამოიწვია ეკონომიკური დომინოს ეფექტი, რაც ფასიანი ქაღალდების ვაჭრობასა და დღევანდელ Dow Jones და NASDAQ-ის რეკორდული ზრდის მაჩვენებლებზეც ისახება მიუხედავად შეჩერებული თუ შენელებული ეკონომიკებისა, მსოფლიო მასშტაბით. ამიტომაც, მიუხედავად მძიმე კოვიდპანდემიისა, ამავე პერიოდში აქციების ფასები რეკორდულად გაიზარდა სხვადასხვა სავაჭრო ბირჟაზე და მასთან პარალელურად კრიპტოსამყაროც დღევანდელ $2.7 ტრილიონ დოლარის მოცულობამდე რეკორდულად გაიზარდა.

პანდემიამ სწორედ ეს ფინანსური ფაქტორი გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა დოლარის შედინება სხვადასხვა საინვესტიციო აქტივზე - მცირე ინდივიდუალური მომხმარებლიდან დაწყებული მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორების ჩათვლით. ამდაგვარად შედინებულმა ნაღდმა ფულმა კრიპტოვალუტის ფინანსური ბალიშის როლი შეასრულა, რამაც სერიოზულ ვარდნებს ააცილა კრიპტობაზარი 2020 წლიდან დღემდე; ეს ბაზარი საგრძნობლად განაგრძობს ზრდას და ახალი მომხმარებლების მოზიდვას.

ამ ორი მთავარი ფაქტორის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კრიპტობაზარი 2030 წლამდე ან მანამდე გასცდება $10 ტრილიონის მოცულობას. რატომ? ეს ინოვაციური ტექნოლოგიური სფერო - ბლოკჩეინ სამყარო და კრიპტოპროექტები უამრავ სარგებელს სთავაზობს მომხმარებელს, მაგალითად: სწრაფი უსაფრთხო ფინანსური ტრანზაქციები;

ნებისმიერი პროდუქტისა და სერვისის ყიდვა-გაყიდვა და სესხები; სამედიცინო სფეროში პაციენტების ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა და გაზიარება, სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და მონაცემთა ბაზების შენახვა ბლოკჩეინპლატფორმებზე; გარიგების სრული უსაფრთხოება და ანონიმურობა; კრიპტო (მაღალრისკიანი პორტფოლიო) ინვესტორების მიერ პროექტების განვითარებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და სხვა უამრავი შესაძლებლობა, რომლებიც ჯერ კიდევ ვერც კი წარმოგვიდგენია. რატომ? რადგანაც ბლოკჩეინსისტემები და კრიპტოპროექტები ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპებზეა და ჯერ „თინეიჯერული“ ასაკისთვის არ მიუღწევიათ.

მომავალი განვითარებისათვის ციფრული ეკონომიკის ეს ტექნოლოგია „მეინსთრიმი“ რომ გახდეს, საჭიროა სახელმწიფოებმა გარკვეული სამართლებრივ-საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები შექმნან და ამ ბაზარს მოარგონ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუ ეს პროცესი კრიპტოპროექტების დამფუძნებლებთან კონსულტაციით მოხდება, რადგა ნშესაძლო რეგულაციების გამო, შესაძლოა, ამ სამყარომ ანონიმურობისა და პირადულობის გარკვეული ნაწილი დაკარგოს.

მე ამას, ზოგადად, დადებითად ვუყურებ და იმასაც დავამატებდი, რომ ეს პოტენციური რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩო გამოიწვევს დიდი ინსტიტუციონალური ინვესტორების შემოდინებას მილიარდდოლარიანი პორტფოლიოებით, რაც მასობრივად გაზრდის კრიპტობაზარს და მისი დღევანდელი მაღალი რისკის ცვალებადობა უფრო მიუახლოვდება სააქციო ბაზრის მაჩვენებლებს და ეკონომიკურ ტრენდებს, უფრო სტაბილური იქნება და მისი სვლები უფრო გათვლადი გახდება. სწორედ ეს იქნება ბლოკჩეინპლატფორმებისა და კრიპტოსამყაროს განვითარების მომავალ ფაზაში გადასვლა გარდამავალ ეტაპზე და აქედან დაიწყება მისი სრული პოტენციალის გაანალიზება, ათვისება და გამოყენება.

დღეს განვითარების ის ეტაპი უკვე გავიარეთ, როდესაც კრიპტოპროექტების არსებობას საფრთხე ემუქრებოდა რომელიმე სახელმწიფოსგან. ჩინეთის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა დაანახა სამყაროს, რომ ფინანსურად კრიპტოსამყარო ძალიან ძლიერია და ის უკვე მარტივად უძლებს ასეთ ეკონომიკურ შოკურ ეფექტებს, ამიტომაც ჩინეთის მიერ გამოწვეულმა დროებითმა პანიკამ კრიპტო სავაჭრო ბირჟებზე მხოლოდ მინიმალური ეფექტი იქონია და ჩინეთის მიერ გამოწვეულ მაინინგის ვაკუმს, სხვა სახელმწიფოებში კერძო მომხმარებელი თუ კრიპტოინვესტორები მარტივად და პრაქტიკულად აითვისებენ. ეს საკმაოდ პოზიტიური ეკონომიკური პოტენციალია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.

ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარადოთ, რომ გარკვეული უნივერსალური საკანონმდებლო ჩარჩო კრიპტოებზე გარდაუვალი ეტაპია და ეს აუცილებლად მოხდება მომავალში და ეს მომავალი არცთუ ისე შორ ჰორიზონტზე მოჩანს. ეს იქნება საკმაოდ პოზიტიური და საჭირო ფაქტი, რომელიც გამოიწვევს კრიპტოსამყაროსა და ბლოქჩეინის სისტემების უფრო სიღრმისეულად ინტეგრაციას სხვა თანამედროვე ეკონომიკურ თუ ფინანსურ დარგებთან მიმართებით.

<შესაძლოა, BM.ge-ს რედაქცია ბლოგის ავტორის პოზიციას არ იზიარებდეს>

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები