ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, MicroStrategy-ს დამფუძნებელი მაიკლ სეილორი, რომელიც სილიკონის ველზე საკმაოდ გავლენიან პიროვნებად ითვლება, ბიტკოინთან მიმართებით მორიგ პროგნოზს ავრცელებს, მისი ვარაუდით, მომავალ ათწლეულებში ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 10 მილიონ დოლარს მიაღწევს. ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ბიტკოინის კაპიტალიზაცია 210 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც გლობალური ეკონომიკის ჯამურ მოცულობაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
როგორც სეილორი აღნიშნავს, ეს არა მარტო ბიტკოინის გაძვირებით, არამედ ამერიკული დოლარის გაუფასურებით იქნება განპირობებული, რომელიც მიმოქცევაში ჩაშვებიდან დღემდე ისედაც 99%-ითაა გაუფასურებული. სეილორის თქმით, დოლარის დევალვაციის პროცესი მას შემდეგ უფრო მეტად დაჩქარდება, რაც ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე ამერიკის ჩანაცვლებას მოახერხებს და ის ახალ გეოპოლიტიკურ ჰეგემონად იქცევა.
ცხადია, სეილორის პროგნოზი ექსტრემალურ სცენარს წარმოადგენს და ინდუსტრიის წარმომადგენლები მას ნაკლებად იზიარებენ, თუმცა ფაქტია, რომ შექმნის დღიდან მოყოლებული, ბიტკოინს ნებისმიერ სხვა აქტივთან შედარებით უკეთესი შედეგი აქვს და ეს რიცხვებითაც დასტურდება.
MicroStrategy-ს დამფუძნებლის განცხადებით, ბიტკოინი ეკონომიკური უკვდავების საწინდარს წარმოადგენს, რადგან მომდევნო 100 წელიწადში მსოფლიოში ყველა ვალუტა გაუფასურდება, გარდა ბიტკოინისა, რომელიც, თავისი დეფლაციური ბუნებიდან გამომდინარე, დროსთან ერთად უფრო მეტად ღირებული გახდება.
მაიკლ სეილორი იმასაც აცხადებს, რომ წელს უოლ-სტრიტზე ETF-ების გამოჩენით პანდორას ყუთი გაიხსნა და ბიტკოინი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ აქტივად იქცა. ამ მოცემულობის ფონზე, ბიტკოინის გაყიდვა აზრს მოკლებული გადაწყვეტილება იქნება, რადგან ბიტკოინის მსგავსი ზრდის პოტენციალი სხვა არცერთ საინვესტიციო აქტივს არ აქვს.