ბიზნესმენი დავით კაკაბაძე, რომელიც წყალტუბოში ბალნეოლოგიურ კურორტ Park Resort Tskaltubo-ს, ორ აბაზანას, რესტორნებს და სხვა აქტივებს ფლობს, „ქართული ოცნების“ მთავრობას წყალტუბოს მრავალფუნქციურ ქალაქად განვითარებისთვის კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობას სთავაზობს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის პოპულარობის გაზრდისთვის საჭიროა, ცალკე მარკეტინგული გუნდი.
„წყალტუბო იმ დონის ადგილია, რომელსაც სჭირდება ცალკე გუნდი კურორტის განვითარებისთვის. არასდროს არ მინახავს, სადმე ცალკე წყალტუბოს პროექტების პრეზენტაცია, რათა მოენახათ ინვესტორები“, - ამბობს ის.
ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ვიდრე კურორტის ცნობადობა არ გაიზრდება, ცალ-ცალკე სანატორიუმების პრივატიზაცია რთული იქნება. ასევე, მისი აზრით, კურორტს აზარალებენ ისინიც, ვინც სანატორიუმებს ყიდულობენ, მაგრამ საინვესტიციო ვალდებულებს არ ასრულებენ.
„ეს ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აყენებს იმ ბიზნეს-ჯგუფებს, ვინც უკვე ვართ წყალტუბოში, რადგან გვინდა, უფრო აქტიური იყოს იქაურობა და სხვებიც დაინტერესდნენ“, - ამბობს ის.
დავით კაკაბაძის განცხადებით, მას ჰყავს პარტნიორი, ინვესტორი ევროპიდან, რომელიც მზადაა, წყალტუბოს ოთხსეზონიან კურორტად გარდაქმნაში მონაწილეობა მიიღოს და სურთ, ქალაქის განვითარების ხედვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გააცნონ.
„ჩვენ, ბოლო ერთი წელია, ყველა ინფორმაცია გავაანალიზეთ, რაც წყალტუბოს შეეხება; მოვიძიეთ ძალიან საინტერესო ინვესტორი და ვაპირებთ ინვესტიციების ჩადებას, თუ რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მოველაპარაკებით. წინა კვირას სატელეფონო საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრის აპარატთან, ასისტენტთან, რათა გავაცნო ეს ადამიანი და ბიზნესჯგუფი. მინდა, პრემიერ-მინისტრს აუცილებლად წარვუდგინოთ წყალტუბოს განვითარების ჩვენი ხედვა, რომელიც მოვამზადეთ... ჩვენ გვინდა, სამედიცინო ტურიზმის განვითარება წყალტუბოში, რაც მოიაზრებს ადგილზე საავადმყოფოების, უნივერსიტეტის, საცხოვრებელი ადგილების მშენებლობას... დიდი პროექტი შევკარით და გვინდა, მთავრობის ხელმძღვანელს გავაცნოთ. მგონია, რომ ის [ირაკლი კობახიძე] ბევრ ნაწილში ძალიან სწორად ხედავს ქვეყნის განვითარებას და მინდა, პირადად, მას გავაცნოთ ჩვენი პროექტი, რომელიც წყალტუბოს ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას მოიაზრებს“, - თქვა დავით კაკაბაძემ.
„წერტილთან“ ინტერვიუში დავით კაკაბაძემ ევროპელი პარტნიორის ვინაობა არ დაასახელა, არც პროექტის ჯამური ინვესტიცია და არც ის, აპირებს თუ არა ყველა სანატორიუმის გამოსყიდვას. ბიზნესმენი ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია სახელმწიფოსთან მოლაპარაკების პირობებზე.
- რა არის ის ძირითადი პირობა სახელმწიფოსგან, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მზად ხართ, რომ მაგალითად, სანატორიუმები, რაც იყიდება, შეიძინოთ?
- მთავარია, სწორად შევაფასოთ, სწორად დავინახოთ, ვინ სად უნდა იყოს და ვინ რა საქმე უნდა გააკეთოს.
- თქვენ სად ხედავთ თქვენს როლს?
- მაგალითად, შეიძლება, მარკეტინგი უნდა აკეთოს სახელმწიფომ, მაგრამ თუ ჩვენც ვიქნებით იმ დიდი სივრცის მფლობელები, შეიძლება, გავაერთიანოთ ძალები. მოკლედ, უნდა მოვილაპარაკოთ...
- კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატით გსურთ წყალტუბოს განვითარება?
- დიახ, ჩვენ უფრო უნდა მოველაპარაკოთ კერძო-საჯარო პარტნიორობა როგორ შეიძლება შედგეს და ეს შეიძლება, იყოს ძალიან კარგი გამოცდილება სახელმწიფოსთვისაც და ბიზნესისთვის, როგორ გავაკეთოთ ერთად რამე საინტერესო...
- დაახლოებით მაინც რამდენი მილიონის ინვესტიცია იქნება საჭირო?
- არ ვიცი...
- შეჯამებისთვის, თქვენი ბიზნეს-ჯგუფი წყალტუბოში რისთვის არის მზად?
- მოგეხსენებათ, ჩვენ წყალტუბოში გვაქვს სასტუმრო, აბანოები და გავაგრძელებთ ჩვენი სტუმრებისთვის უკეთესი პირობების და სერვისების შეთავაზებას. მაგალითად, აუზი აკლდა და ვამატებთ, მაგრამ რადგან ადგილობრივები ვართ, გული შეგვტკივა [წყალტუბოზე]... გვყავს ძალიან კარგი პარტნიორები და ინვესტორები, რომლებსაც აქვთ სურვილი, [წყალტუბოს განვითარებისთვის] ყველაფერი ერთ სივრცეში გავაერთიანოთ ანუ ჩვენ - ჩვენი აქტივები, მათ ინვესტიციები ჩადონ და ერთობლივადაც ჩავდოთ ფინანსური რესურსი, თუ ეს გამოგვივა და სახელმწიფოსთან პირობებზე შევთანხმდებით, ჩემი ოჯახი ამ პროექტში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.
დავით კაკაბაძე ვარაუდობს, რომ წყალტუბოს განვითარების თემაზე ირაკლი კობახიძეს, სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეხვდება.
„მგონია, რომ წყალტუბო არის თანამედროვე მუზეუმი და ყველა შენობად/სანატორიუმს, გარედანაც და შიგნიდანაც, აუცილებლად უნდა მოვუაროთ და ფუნქცია მივანიჭოთ. ჩვენი გეგმა მხოლოდ 10-11 სანატორიუმს არ უკავშირდება. გვინდა, წყალტუბო მართლა მრავალფუნქციური ქალაქი გავხადოთ“, - თქვა ბიზნესმენმა.
ცნობისთვის: დავით კაკაბაძე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ბადრი კაკაბაძის შვილია. „ბი ენდ ენ ჯგუფი“ წყალტუბოში ორ აბაზანას, ბალნეოლოგიურ კურორტ Park Resort Tskaltubo-ს, რესტორან „მაგნოლიას“ და სხვა აქტივებს ფლობს. დავით კაკაბაძის თქმით, ჯამში, წყალტუბოში 70 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული და ფულის ჩადებას კიდევ აგრძელებენ. ტურიზმში ინვესტირება კაკაბაძეების ჰოლდინგის ერთადერთი მიმართულება არაა. ისინი ინვესტიციებს დებენ სოფლის მეურნეობაშიც. დავით და ბადრი კაკაბაძეების ოჯახი საქართველოდან არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების რუსეთში დისტრიბუცია-ექსპორტით არის დაკავებული.
ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, რომელიც 2022 წელს დაიწყო, სულ 5 სანატორიუმია გაყიდული, 11 კი გასაყიდია.




























