“მოვითხოვთ რეფორმის გაწვევას!” - ამ ლოზუნგით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან სტუდენტური აქცია იმართება ლოზუნგით. აქციის მონაწილეები განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.
სტუდენტების განცხადებით, ისინი მსვლელობით ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლებენ, რის შემდეგაც სიტყვით გამოსვლები გაიმართება. მოგვიანებით კი მსვლელობა განათლების სამინისტროს მიმართულებით გაგრძელდება.
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ განათლების რეფორმას „დეფორმას“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი შეფასებით, ცვლილებების მიზანი ქვეყანაში აკადემიური სივრცის შესუსტებაა.
ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები განსაკუთრებით აზარალებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.
„ჩემთვის, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ უნივერსიტეტს გვიუქმებენ და ეს გადაჭარბებული შეფასება არ არის. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ. უნივერსიტეტი, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებზე იდგა, არ შეიძლება გაუქმდეს.
მე პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი ვარ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს პროგრამა უქმდება, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში [მიღება] დაახლოებით 30%-ით მცირდება. შესაბამისად, აბიტურიენტებს, რომლებსაც ამ მიმართულებით სწავლა სურთ, ამის შესაძლებლობა ბევრად ნაკლებს ექნება. მსგავსი ცვლილებები სხვა ფაკულტეტებსაც ეხება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა და ლექტორებმა გააცნობიერონ, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ,“ – აცხადებს აქციის მონაწილე.
სტუდენტები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ განათლების რეფორმის გადახედვა არ დაიწყება.




























