გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი, სალომე ზურაბიშვილსა და შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით ეხმიანება და ევროკავშირისგან მეტ სიცხადეს მოითხოვს.
"ის, რაც ახლა გვჭირდება ევროკავშირისა და წვერი სახელმწიფოებისგან, სიცხადეა.
მოდით, ძალიან ყურადღებით მოვუსმინოთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ არ უნდა დავეხმაროთ “ქართულ კოშმარს” “უცხოელი აგენტების კანონის” “გადაკეთებაში”, რათა მათ ლიბერალური დემოკრატიის განადგურება განაგრძონ”, - წერს როთი.
როთის "ტვიტი" შარლ მიშელის პოსტს პასუხობს, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
"კიდევ ერთხელ განვაცხადე ჩემი სრული მხარდაჭერა ქართველი ხალხის დასახმარებლად, რათა ერთად ვიმუშაოთ მათი ევროპული მომავლისთვის, მათ შორის, ყველა მხარის ლეგიტიმური პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების პოვნისთვის", - განაცხადა შარლ მიშელმა.