ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება უმძიმესი ეგზისტენციალური გამოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. მისივე თქმით, სხვადასხვა უწყებაში როდესაც ერთი ადამიანი მაინც წერს პროტესტის ნიშნად წასვლის განცხადებას, ეს ყველას უდრის.
მან BMGTV-ის გადაცემა BMGDRIVE-ში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოქმედი დიპლომატების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს უწყებაა საქართველოს თანამედროვე ისტორიის დაწერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
"[მიმდინარე პროცესები] არის უმძიმესი ეგზისტენციალური გამოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, 240-ზე მეტმა დიპლომატმა, მათ შორის რიგითმა თანამდებობის პირებმა, მოაწერეს ხელი განცხადებას, რომელსაც უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჰქონდა სხვადასხვა უწყებების და საზოგადოების მისამართით. სწორედ ამ განცხადებით დაიწყო ის პროცესი, რასაც ჰქვია რღვევა, როდესაც ყველამ, მათ შორის ჩინოვნიკების ნაწილმა, უკვე აზრი გამოთქვა.
როდესაც შინაგან საქმეთა, განათლების სამინისტროებში, სხვადასხვა უწყებაში ერთი ადამიანი მაინც წერს წასვლის განცხადებას, ეს ყველას უდრის. მაგრამ 1991 წლიდან დღემდე, ჩვენი ქვეყნის ავანგარდში იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს უმნიშვნელოვანესი უწყება, რომელიც ქმნიდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას და მას ჰქონდა განსაკუთრებული როლი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პროცესში, რომელიც დღეს აღარ არსებობს", - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.
ზვიად ჭუმბურიძემ, რომელიც თავად იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში, უნგრეთში და წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყებაში დასაქმებულ დიპლომატებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის იდგა პარტიულ ინტერესებზე მაღლა.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩემი ოჯახია, თითოეულ ხელმომწერს ვუდასტურებ პატივისცემას და მათაც, ვინც ხელი არ მოაწერეს, მაგრამ მოვუწოდებ, გააანალიზონ კარგად, სად დგანან და რას აკეთებენ, იმიტომ რომ ქვეყანა ორი არ გვაქვს, ერთი გვაქვს. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქამდე არასდროს ყოფილა პოლიტიზებული და პარტიული ინტერესების ქვეშ, არასდროს ასე არ ყოფილა. მცდელობა ჰქონდა წინა ხელისუფლებას, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდით, ვყოფილიყავით პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ასეთ მდგომარეობაში საგარეო არასდროს, არც ერთ პოლიტიკურ გუნდს არ ჩაუყენებია, ამიტომ ვთხოვდი მინისტრს, რომ სხვა კრიტერიუმებით შეაფასოს ვითარება. არ შეიძლება ხელაღებით დავსვათ წერტილი იქ, სადაც წერტილი არ ისმება", - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგიდან იღებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას და უარს ამბობს საგრანტო დაფინანსებაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომლებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, რომლითაც "ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. 7 დეკემბრის მდგომარეობით, განცხადებას საგარეოს 242 თანამშრომელი აწერს ხელს.