პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უცხოელ დონორ ორგანიზაციებსა და საელჩოებს დაფინანსებების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია მალავს, რაში ხარჯავს თანხებს საქართველოში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, “ეს გახლავთ რუსული სტილი, როდესაც სხვა ქვეყანაში, ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით ხდება იატაკქვეშა საქმიანობების დაფინანსება“.
„ბოლო პერიოდში ვნახეთ აღიარებები პოლიტიკური პარტიებიდან, რომ ისინი ყალბი NGO-ების დაფუძნებით, იღებენ უცხოურ დაფინანსებას. ჩვენ ვნახეთ აღიარება, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ ხარჯებს საქართველოში. დღეს ამ მდგომარეობაში ვართ. სამწუხაროდ, ვაწყდებით ყრუ კედელს დონორების მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვუწოდე როგორც საჯაროდ, ისე პირადი შეხვედრების დროს, გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები საქართველოში, სამწუხაროდ, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია კვლავ მალავს, რაში ხარჯავს საქართველოში ფულს. კეთილი საქმეების დამალვა არავის არაფერში სჭირდება, როდესაც რაღაცას მალავენ, ამის უკან არ დგას კეთილი საქმეები. ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი ორგანიზაცია, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა ჯარიმების გადახდას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არღვევდნენ წესრიგს და კანონს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, უცხოური დაფინანსებების გასაჯაროების თემით მმართველი გუნდი ხშირად აპელირებს. სწორედ გამჭვირვალობის საჭიროებით ხსნიდნენ გასულ წელს "რუსული კანონის" მიღების მცდელობასაც.