„მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს, ყურად იღოს ჩვენი თხოვნა“ - ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ უწყებასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ჭიათურის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მათთვის დამამცირებელია. მაღაროელები კიდევ ერთხელ მოითხოვენ ჯგუფში მათი წარმომადგენლის ჩართვას.
"ჯანდაცვის სამინისტროში შედგა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და განიხილეს გარკვეული საკითხები, რაც ჩვენთვის დამამცირებელია, რადგან ირაკლი პეტრიაშვილს, რომელსაც ჭიათურაში დასაქმებულების სრულ უნდობლობას ვუცხადებთ, სამმხრივ კომისიაში ჯერ კიდევ მოიაზრება, სატყუარად შეიტან რომ 1 თვის ხელფასის 60%-ის ვალდებულებას აიღებს ბანკიდან, ეცდება იმუშაოს ბანკთან რომ ერთი თვის ხელფასი აიღოს და მისცეს დასაქმებულებს. ეს ძალიან ცინიკურია, რადგან ჭიათურელებს გვაქვს საბანკო ვალდებულებები და ამ ერთი თვის ხელფასს უცებ ჩაყლაპავენ ბანკები, მეორე მხრივ ჭიათურა მესამე თვეა შიმშილის ზღვარზეა და თუ პეტრიაშვილის პროფკავშირს რაიმე სიკეთის გაკეთება უნდოდა, აქამდე უნდა გაეკეთებინა. მან კარგად იცის ჩვენი სრული უნდობლობა პროფკავშირების წინააღმდეგ. ის ცდილობს მაქინაციებით მოახდინოს ჩვენზე ზეგავლენა.
ჩვენ მოვითხოვთ სამმხრივ კომისიის ჯგუფში არ განიხილებოდეს პროფკავშირები. იყოს მთავრობა, დამსაქმებელთა გაერთიანება და ეს ჭიათურის პრობლემაა და აუცილებლად უნდა იყვნენ მაღაროელების წარმომადგენლები.
მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, ყურად იღოს ჩვენი თხოვნა - სრული უნდობლობა ირაკლი პეტრიაშვილს, ჭიათურელი მშრომელების უფლებებისთვის იბრძოლებენ მაღაროელების წარმომადგენლები, რისთვისაც აუცილებელია ჩვენი სამუშაო ჯგუფში ჩართვა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არაფერი მნიშვნელოვანი არ გაჟღერებულა გარდა იმისა, რომ ჭიათურაში ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან არსებულ ვითარებას და ეს ხდება პრობლემის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. ვიდრე ეს კვლევა ჩატარდება, მანამდე საბანკო და ფინანსური პრობლემები მოსაგვარებელია", - განაცხადა აქციის მონაწილემ.
მისივე ინფორმაციით, მაღაროელებმა დღეს წერილობით მივმართეს ყველა ბანკს და მთავრობის ადმინისტრაციას: "ის არარეალური ნამატი პროცენტები, რომელიც ჩვენ ხელფასის არ დარიცხვის გამო დაგვიგროვდა ბანკებში, ჩამოგვეწეროს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას - ხვალ დიდი აქცია გვაქვს ჭიათურაში.
ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოს ჩართულობისას ქმედუნარიანობას და არა ბუტაფორიულობას", - აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.
ცნობისთვის, დღეს, ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 29-ე დღეა. პარალელურ რეჟიმში საპროტესტო ტალღის ნაწილმა თბილისში 24 მარტს გადმოინაცვლა. ისინი მთავრობასთან შეხვედრას, ჭიათურის მაღაროების ნაციონალიზაციას, ხელფასების დარიცხვას ითხოვენ.