საქართველოში უწყვეტი პროდასავლური აქციების 1 წლის თავზე ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოში პოლიტიკური თავისუფლებების გაუარესების შესახებ საუბრობენ.
ერთობლივ განცხადებაში "ქართველი ხალხის აქტის" ავტორი სენატორები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, შეიცვალოს აღებული საგარეო კურსი და აღადგინოს პოლიტიკური თავისუფლებები.
"ერთი წლის წინ, ამ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ბნელი ფურცელი გადაიშალა. მას შემდეგ, რაც მთავრობამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ განაგრძობდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - რასაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს - მან პოზიცია შეცვალა და დაარღვია კონსტიტუციური ვალდებულება. საპასუხოდ, ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ ცვლილებების მოთხოვნით და იმის გასაპროტესტებლად, რომ მთავრობამ არ ისურვა, მოესმინა საკუთარი ამომრჩევლისთვის.
გასული ერთი წლის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი მოქალაქეების წუხილისთვის ეპასუხა და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ეთანამშრომლა, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა მათ ჩასახშობად: მიიღო ავტორიტარული კანონები, აპატიმრებს და აკრძალვას უპირებს პოლიტიკურ ოპოზიციას, აშინებს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და დისკრედიტაციას უწევს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მისი საელჩოს თანამშრომლებს.
საქართველოში პოლიტიკური ძალადობის ესკალაციის ფონზე, ჩვენ სულ უფრო გვაშფოთებს საქართველოს მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები და მივესალმებით ხალხის გამძლეობას ამ ყველაფერთან დაპირისპირებაში. როგორც ამერიკელები, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის პრინციპული უარით, დათმოს საკუთარი თავისუფლება, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს.
როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ღრმად ვართ დაინტერესებული ქვეყნის წარმატებით. ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. ამ მძიმე წლისთავზე მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ შეცვალოს კურსი, აღადგინოს პოლიტიკური თავისუფლებები საქართველოში და კვლავ დაადასტუროს დემოკრატიული მმართველობისადმი ერთგულება", - ნათქვამია განცხადებაში.
2024 წლის მაისში, საქართველოში ე.წ. რუსული კანონის მიღების შემდეგ, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკური პარტიის წევრმა ჯიმ რიშმა სენატში "ქართველი ხალხის აქტი" დაარეგისტრირეს. კანონპროექტის სამიზნე ქართველი ოფიციალური პირები არიან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე "უცხოური აგენტების კანონის" წინ წაწევაზე.




























