მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოვუწოდებთ მთავრობას, რაღაც ფორმით სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღონ - სოსო ფხაკაძე

6183c74813466
ინგა მურუსიძე
04.11.21 17:30
908
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, ვაქცინაციის მხრივ სავალდებულო ელემენტებზე იმსჯელოს. ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძემ საკითხზე დღეს bm.ge-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა, მანამდე კი საკითხზე განცხადებაც გაავრცელა:

„ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ბიზნესი არის წინაპირობა იმისთვის, რომ იყოს ქვეყანაში კეთილდღეობა იყოს და ქვეყანა განვითარდეს. ამ ფონზე, როცა ბიზნესს ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან გვაქვს საქმე, ბიზნესს უჭირს, დამატებითი პრობლემები შეიქმნა ვირუსის გავრცელების გამო. ბიზნესმა ყველანაირი ღონე უნდა იხმაროს, რომ პირველ რიგში თანამშრომლების ვაქცინაცია მოახდინოს. ვერ წარმოიდგენთ როგორი ძალისხმევა გვჭირდება ამისთვის. მთავარი კი ის არის, რომ ეს არის ბრძოლა. არ შეიძლება ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, 40-50 ადამიანი იღუპებოდეს ყოველ დღე“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა უშლის მთავრობას ხელს, რომ შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, ფხაკაძე პასუხობს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნაბიჯი აუცილებლად გადასადგმელია.

„მთავრობას მივმართავთ და მოვუწოდებთ, რომ რაღაც ფორმით სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღონ. რა უშლის ხელს რომ ამას არ აკეთებენ, არ ვიცი, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს და ეს გასაკეთებელია. გამოცდილება უკვე აქვთ და იციან რა ფორმით უნდა მოხდეს ვაქცინაცია, იქნება ეს სავალდებულობა თუ ირიბი მანდატორიზმი. კერძო სექტორს რაც შეეხება, ამას აუცილებლად აყვება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მოხდება, თუკი ე.წ. მეხიუთე ტალღა დაიწყო. ბიზნესს რეგულაცია არ უხარია, თუმცა აქ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე. ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოვიჩინოთ მეტი თვითშეგნება და გთხოვთ ყველას - აიცრათ“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

რაც შეეხება „ვისოლ ჯგუფს“, ბიზნესმენის თქმით, ჰოლდინგში 8 კომპანია შედის და თანამშრომელთა 70%-ზე მეტი აცრილია, სათაო ოფისებში თანამშრომლები აცრილები არიან.

„უფრო მეტად გვიჭირს რეგიონებში, თუმცა მენეჯერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თანამშრომლები აიცრან. ყველას მოგიწოდებთ, ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა დრეს, პანდემია უნდა დავამარცხოთ“, - აღნიშნა ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები