პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის შემცველი სააგიტაციო მასალის განთავსების პრევენციასთან დაკავშირებული „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ორგანული კანონის
პროექტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვა დაიწყება.
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება ითვალისწინებს სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკური საშუალების (მაგალითად - სტენდის, შენობა-ნაგებობის ფასადის, სხვა უძრავი ნივთის/კონსტრუქციის) გამოყენებით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებით ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანხმად კი, იკრძალება ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.
ბიურომ საკანომდებლო პაკეტზე წამყვან კომიტეტად იურდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრა.
კანონპროექტების ინიციატორების მოთხოვნა იყო, რომ საკანომდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განხილულიყო და ახალი რეგულაციები შეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, თუმცა ბიურომ მსჯელობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტების განხილვა წარიმართოს ჩვეულებრივ ვადებში, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული. აღნიშნული მოსაზრება გაიზიარეს კანონპროექტების ინიციატორებმა.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, შალვა პაპუაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ირაკლი ბერაია.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება კანონპროექტად ქცეულ ინიციატივას, რაც კომპანია „ალმამ“ სიძულვილის ენის შემცველ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით პარლამენტში წარადგინა.
კერძოდ, 3 ოქტომბერს, შპს „ალმამ“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და მოითხოვა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანა, რამაც უნდა შეზღუდოს გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსება და მისცეს შესაძლებლობა რეკლამის გამავრცელებელს ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე.
აღნიშნული ინიციატივის საფუძველი კი გახდა ქვეყნის მასშტაბით და ყველაზე მეტად დედაქალაქში, გამოკრული სისხლიანი ბანერები, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ გამოსახული. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ბანერები ხელისუფლების დაკვეთით გამოიკრა, თუმცა „ქართული ოცნება“ ირწმუნებოდა, რომ ბანერები მათ არ ეკუთვნოდათ.