ქუთაისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი, კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტი, თბილისის ავტობუსების პროექტი - სულ 11 პროექტია ისეთი, რომლისთვის მთავრობამ შარშან 243 მლნ ლარი მოიზიდა უცხოელი დონორებისგან, მაგრამ მისი ათვისება ვერ შეძლო. თან აღსანიშნავია ისიც, რომ როცა დონორები ამ ფულს გვაძლევენ და ვერ ვითვისებთ, ამისთვის ერთგვარი ჯარიმის გადახდაც გვიწევს და ჯამში, ეს შარშან 5 მლნ ლარი იყო. ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენებიდან ირკვევა. პროექტების ნულოვან შესრულებაზე განმარტებას აკეთებს რეგიონული განვითარეის და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. უწყების ცნობით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ პროექტებთან დაკავშირებით, წლის განმავლობაში, დაზუსტებული გეგმის შესაბამისად, რამდენიმე პროექტთან მიმართებაში, პროექტების დაწყების და ასევე პროექტების განხორციელების პროგრესის გათვალისწინებით, მოხდა გეგმის განულება ან/და ცვლილება როგორც შემცირების, ასევე გაზრდის მხრივ. აღნიშნული ცვლილება ასევე შეეხო აუდიტის ანგარიშში აღნიშნული 11 პროექტიდან სამინისტროს ეგიდით მიმდინარე 3 პროექტს: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა. უწყების განმარტებით, დაგეგმილი თანხის ათვისება ვერ მოხდა დაფინანსების წყაროს შეცვლის გამო. კიდევ ერთი პროექტი, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი. ამ შემთხვევაში, დაგეგმილი თანხის ათვისება ვერ მოხდა ნარჩენების განთავსების ადგილის ცვლილების გამო. ცვლილება გამოიწვია მოსახლეობის პროტესტმა ადგილთან მიმართებაში. და საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი. დაგეგმილი თანხის ათვისება ვერ მოხდა დონორთან პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შეთანხმების გაჭიანურებიდან გამომდინარე.