მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მრავალფუნქციური კომპლექსი და სპორტის უნივერსიტეტი - $220-მილიონიანი პროექტის დეტალები

63a896508f179
თელარა გელანტია
25.12.22 23:59
3071
მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე თბილისში, ჭავჭავაძის 49-ში მდებარე სპორტის უნივერსიტეტის შენობა 11 მილიონ ლარად შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ იყიდა. კომპანია მიმდინარე წლის სექტემბერში დარეგისტრირდა და მისი მფლობელი VR holding-ის დამფუძნებელი ნოშრევან ნამორაძეა. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა 18,019 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე არის განთავსებული. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიის შემძენმა ადგილზე არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

როგორც გადაცემა „Fobres კვირაში“ ნოშრევან ნამორაძემ განაცხადა, „VR ვაკე თაუერსის“ პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 220 მლნ დოლარია. კერძოდ, სრული მიწის ნაკვეთის განვითარება იყოფა ორ ნაწილად: პირველ ნაწილზე განთავსდება სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი თანამედროვე სტანდარტების მქონე ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი, რაშიც 100 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება, ხოლო მეორე ნაწილზე - VR Holding-ის მიერ შემუშავებული მრავალფუნქციური დეველოპერული პროექტი.

„ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტის შენობა, რომელიც ჭავჭავაძის #49-ში მდებარეობს, უკვე 10 წელზე მეტია, ავარიულ მდგომაროებაშია. უნივერსიტეტი ვერ ახერხებს სრულფასოვნად და ჯანსაღად ფუნქციონირებას, სწორედ ამიტომ დაისახა სახელმწიფომ ამოცანა, რომ მომხდარიყო იგივე ლოკაციაზე ფიზკულტურის ინსტიტუტის მშენებლობა. ჩვენი ჰოლდინგისთვის დიდი პატივია და მოხარულები ვართ, რომ წილად გვერგო ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულება. ამ პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, ვინაიდან ჩვენი მიზანი სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. შესაბამისად, ამ პროექტში მონაწილეობა და გამარჯვებაც ორმაგად სასიხარულოა. მჯერა, „ვი არ ჰოლდინგი“ ამით იამაყებს“, - განაცხადა ბიზნესმენმა და დეტალურად აღწერა, როგორი იქნება ფიზკლუტურის უნივერსიტეტის ახალი შენობა.

„უნივერსიტეტში განთავსდება თანამედროვე სპორტული სასწავლებელი თანამედროვე აუდიტორიებითა და მოედნებით სპორტის სხვადასხვა სახეობაში, აგრეთვე შენარჩუნდება გარე სათამაშო მინი ფეხბურთის და ჩოგბურთის მოედნები, მათ შორის აშენდება სამბოს დარბაზიც და ა.შ. სხვათაშორის, იყო გარკვეული მითქმა-მოთქმა, რომ ჩოგბურთის და მინი ფეხბურთის მოედნები არ იქნებოდა. გპირდებით, ორივეს შევინარჩუნებთ. არცერთ ახალ პროექტში არ შევალ, თუ იქ არ იქნა მსგავსი აქტივობები გათვალისწინებული - სპორტული მოედნები და რეკრეაციული ზონები“, - აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.
რაც შეეხება VR Holding-ის მიერ განსავითარებელ მეორე მიწის ფართობს, როგორც „ვი არ ვაკე თაუერსის“ მფლობელი აცხადებს, ჭავჭავაძის #49-ში აშენდება მრავალფუნქციური-ინოვაციური კომპლექსი, რომლის ანალოგიც ქალაქში არ არსებობს.

„უნიკალური ლოკაციიდან გამომდინარე, ჩვენს კომპანიას გააჩნია კარგად გააზრებული და დამუშავებული ექსკლუზიური ხედვა. გვაქვს გეგმა, შევუქმნათ თბილისს ახალი მიზიდულობის ეპიცენტრი, რომლითაც იამაყებენ თბილისელები და სრულიად საქართველო. რაც მთავარია, შევინარჩუნებთ არსებულ ხის ნარგავებს, ახალი შენობა და მისი ფასადები იქნება სხვადასხვა ხე-ნარგავით მორთული და ვიზუალურად გამწვანებულ გარემოს წარმოადგენს, რომელიც თანამედროვე ექსტერიერს იდეალურად მოერგება.

კიდევ ერთ საკითხს დავამატებ - მოგეხსენებათ, არსებულ ტერიტორიაზე საკმაოდ მძიმე სიტუაციაა სამანქანო გზებისა და პარკინგების მიმართულებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ გარშემო ინფრასტრუქტურისა და საპარკინგე ზონების მოწყობას, ასევე განთავსდება ფართო სავალი გზები. კომპანიას გააჩნია პროექტის განხორციელების კონკრეტული ხედვა და პირობას გაძლევთ, რომ ეს იქნება ქალაქში ნომერ პირველი წარმოსადეგი მრავალფუნქციური-ინოვაციური კომპლექსი “VR HOLDING”-ისგან, რომლის ანალოგიც ქალაქში არ არსებობს და ასევე, აგრეთვე აუცილებლად გაზრდის გარშემო არსებული უძრავი ქონების ღირებულებას“, - ამბობს ბიზნესმენი.

ნოშრევან ნამორაძის ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება - „დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა დადებითად განეწყობა პროექტისადმი და შეიყვარებს მას“.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები