მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ამერიკელმა იუთუბერმა ჯიმი დონალდსონმა, იგივე MrBeast-მა, საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის შეგროვებული თანხით გინესის რეკორდი მოხსნა.
მან მეგობარ იუთუბერებთან, Adin Ross-თან და xQc-სთან ერთად 15-საათიანი ლაივ-მარათონი ჩაატარა და Team Water-ის საქველმოქმედო კამპანიისთვის $12 მილიონი დოლარი შეაგროვა.
თავდაპირველად, MrBeast-ი მოელოდა, რომ პირდაპირ ეთერის ბოლომდე $5 მილიონს მაინც შეაგროვებდა, თუმცა შემოწირულებების მოცულობამ და ტემპმა იუთუბერს ზღვარი ჯერ $8 მილიონამდე, შემდეგ კი $12 მილიონამდე ააწევინა.
თანხას რიცხავდნენ როგორც ბიზნესმენები, ისე იუთუბერები და რიგითი მაყურებლები. განსაკუთრებული ყურადღება Citadel-ის ხელმძღვანელის, კინეთ გრიფინის მიერ $2.25 მილიონის ჩარიცხვამ მიიქცია.
საქველმოქმედო მარათონის ფარგლებში, ჯიმი დონალდსონმა მაყურებელს არაერთი გასართობი “გამოწვევა” შესთავაზა. შემოწირულების გაზრდის მიზნით MrBeast-მა არაერთ იუთუბერ კოლეგასაც დაურეკა.
რაც შეეხება მარათონის მიზანს, შეგროვებული $12 მილიონით ჯიმი და მისი მეგობრები Team Water-ის კამპანიის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით იმ რეგიონებს დაეხმარებიან, სადაც მოსახლეობას უწყლობის პრობლემა აწუხებს. ამ მხრივ, MrBeast-მა აფრიკის მასშტაბით უკვე არაერთი პროექტი განახორციელა.



























