მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მრეწველობის სექტორში ეკონომიკური ზრდის კლება სასუქების ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია - საქსტატი

64269d6fbc7bc
მარიამ ვარადაშვილი
31.03.23 15:11
390
დღეს საქსტატმა თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, თებერვალში მთლიანი შიდა პროდუქტი 5.8%-ით გაიზარდა.

თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

“მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან. ასევე სამოქალაქო ობიექტების მშენებლობასთან: ხიდები; გვირაბები, ავტობანი და ა.შ. გაზრდილია სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობაც, რაშიც იგულისხმება ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდის მიზეზია კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ასევე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდა. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად განაპირობა სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებელმა, თუმცა საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებითაც ზრდის ტენდენცია გვქონდა. ასევე გაიზარდა ტვირთის დასაწყობების მაჩვენებელიც. ვაჭრობის სექტორში კი ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილებითა და მათი დეტალებით ვაჭრობასთან",-განაცხადა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძე.

მისივე თქმით, თებერვალში ასევე გაზრდილი იყო ბუნებრივი არით საბითუმო ვაჭრობა და აზარტული კომპანიების ბრუნვის მოცულობა, რამაც გართობის სექტორში ზრდას ხელი შეუწყო.

თოდრაძის ინფორმაციით, კლება დამამუშავებელ სექტორში იყო, რაც დაკავშირებულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მნიშვნელოვან შემცირებასთან. ასევე შემცირდა მინერალური წყლების წარმოებაც, რამაც თავის მხრივ ექსპორტის 36%-იანი კლება გამოიწვია. კლება დაიფქსირდა სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებშიც, რის მიზეზადაც საქსტატი სარეკლამო საქმიანობის მოცულობის შემცირებას ასახელებს.

“კლების ტენდენცია ასევე შეინიშნებოდა უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში, რისი მიზეზიც არის საკუთარი თუ იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავების მაჩვენებელი”,-განაცხადა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები