თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ წერეთლის რეაბილიტაციიდან გამომდინარე შექმნილი გადაადგილების დისკომფორტის გამო დიდი დიღმის მოსახლეობის რცხვენია და ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და დასძინა, რომ რეფორმები მტკივნეულია.
„მრცხვენია დიდი დიღმელების და მინდა მათ ბოდიში მოვუხადო, იმიტომ რომ წარმოუდგენელია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას, დიდი დიღმიდან გამოსვლა ფიზიკურად წარმოუდგენელია, მაგრამ ეს რეფორმა მტკივნეულია. ეს არ არის ისეთი რეფორმა, რომელიც რაღაც კონკრეტულს ეხება, ეს ყველას ეხება, რადგან გადაადგილების პრობლემა ეხება ყველას, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ავტომობილით, ქვეითად მოსიარულეს.
გაცილებით დიდი პრობლემა ქვეითად მოსიარულეებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს“, - ამბობს წილოსანი.
ცნობისთვის: წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, რის გამოც წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა. თბილისის მერიის მიერ არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია სამ ლოტად იყო. პროექტის ორ ლოტს ერთი კონტრაქტორი - შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპი" აშენებს, ხოლო ერთი ლოტის შემსრულებელი კომპანია "ერ ტე დე" არის.
კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა და მისი ღირებულება 2,8 მილიონი ლარით გაიზარდა.
კონტრაქტორი |
თავდაპირველი საფასური (₾) |
საბოლოო საფასური (₾) |
პროექტის აღწერა |
შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ |
8,365,457 |
9,201,870 |
აკაკი წერეთლის გამზირის (სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. |
შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ |
11,844,540 |
13,028,880 |
აკაკი წერეთლის გამზირის (გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. |
შპს ერ ტე დე |
8,198,293 |
9,017,950 |
აკაკი წერეთლის გამზირის (ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. |
სრული ღირებულება |
28,408,291 |
31,248,700 |
|