UEFA ევრო 2024-სთვის ფეხბურთისთვის ინოვაციური სტანდარტის დაწესებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც მსაჯები ფეხბურთელებს ყველა გადაწყვეტილებას აუხსნიან. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მსაჯთა აღმასრულებელ დირექტორ რობერტო როზეტის თქმით ჩემპიონატის მიმდინარეობისას მსაჯების მიერ მიღებულ გადაწყვეტილების საფუძველზე საუბარი მხოლოდ გუნდების კაპიტნებს შეეძლებათ, დანარჩენმა მოთამაშეებმა კი მსაჯის გარშემო წრე არ უნდა შეკრან, არ უნდა გამოიწვიონ ზეწოლა და ადეკვატურად მუშაობის საშუალება უნდა მისცენ.
როზეტის განცხადებით, მსაჯებს არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღების არ უნდა შეეშინდეთ და ისინი ვალდებულები უნდა იყვნენ ვიდეო-არბიტრებთან კონსულტაციის ნიადაგზე საკუთარი გადაწყვეტილება განმარტონ, ამით კი Fair-Play-ის წესი დაიცვან, რომელიც UEFA-ს კომიტეტის სხდომებზე მუდმივად განხილვის თემაა. ევროპის მსაჯთა აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თამაშის ხარისხს და შეამცირებს საკამათო სცენარის განვითარებას:
“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა გუნდს, იზრუნონ იმაზე, რომ მსაჯთან მხოლოდ კაპიტნებმა ისაუბრონ. პარალელურად გუნდების კაპიტნებმა საკუთარი თანაგუნდელებისგან უნდა დაიცვან არბიტრი, რათა გადაწყვეტილების ახსნა შეძლებისდაგვარად სწრაფად, თავაზიანად და პატივისცემით მოხდეს. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც კაპიტანს არ დაემორჩილება ყვითელ ბარათს დაიმსახურებს. იმ შემთხვევაში თუკი კაპიტანი მეკარეა, მან მსაჯს უნდა უთხრას წინასწარ, რომელი ფეხბურთელი შეასრულებს მის მოვალეობას იმ დროს, როცა საკამათო სიტუაცია კარიდან ძალიან შორს იქნება. ჩემპიონატის დაწყებამდე მსაჯთა სპეციალისტები და უეფას წარმომადგენლები შეხვდებიან ყველა მონაწილე ნაკრებს და ახალი წესის ყველა დეტალს განუმარტავენ, რათა მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით გაუგებრობა არ შეიქმნას” - განაცხადა UEFA-ს მსაჯთა აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტო როზეტიმ.
ცნობისთვის, სხვადასხვა კვლევის თანახმად დღევანდელ ფეხბურთში მსაჯები საშუალოდ მატჩში 200-250 გადაწყვეტილებას იღებენ, რაც 22 წამში ერთხელ თამაშის დაყოვნებას ნიშნავს. რაგბის მაგალითზე კი აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წესი კარგად მუშაობს და თამაშს კიდევ უფრო სამართლიანს გახდის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიაა, რომელიც გუნდს 18 ივნისს თურქეთთან, 22 ივნისს ჩეხეთთან და 26 ივნისს პორტუგალიასთან გაუძღვება.