მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსგავსი რაოდენობის დამსვენებელი და მანქანა არ გვახსოვს, პარალიზებული გახდა ყველაფერი" - ბაკურიანის განვითარების სააგენტო

ბაკურიანი

ბოლო ათი დღეა ბაკურიანში ჩამსვლელი დამსვენებელი მუდმივ საცობებზე, გაუწმენდავ გზებსა და კვების ობიექტებში გრძელ რიგებზე საუბრობს. წუხს ბიზნესიც, რომელიც უკვე წლებია ინფრასტრუქტურულ პრობლემებს სამთო კურორტის გამოწვევად ასახელებს. პრობლემებს აღიარებს სახელმწიფო უწყებებიც და ამაზე საუბარი წლებია სეზონურად აქტიურდება. თუმცა ჯერჯერობით პრობლემების დიდი ნაწილი გადაუჭრელი რჩება. მათ შორის არის დაზიანებული შიდა გზების და საპარკინგე სივრცეების არარსებობის პრობლემა.

ბაკურიანი რომ წლევანდელ სეზონსაც ბევრი პრობლემით შეხვდა, ამას აღიარებს ბაკურიანის განვითარების სააგენტოც, რომელიც როგორც მუნიციპალური სსიპ-ი, კურორტის პრობლემებზე უფრო სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებისთვის დაახლოებით სამი წლის წინ შეიქმნა.

როგორც bm.ge-სთან საუბრისას სააგენტოს ხელმძღვანელი, ეკატერინე ორჯონიკიძე ამბობს, წლევანდელი გრძელი საცობების მთავარი მიზეზი დამსვენებლების განსაკუთრებით დიდმა ნაკადმა განაპირობა.

„მსგავსი რაოდენობის დამსვენებელი და მანქანა ბაკურიანში მე არ მახსოვს. შედეგად გაზის და წყლის წნევაც დავარდა, 12-ტონიანი ნაგავმზიდები ღამის 1-დან დილის 6 საათამდე გამოგვყავს, მაგრამ დღის განმავლობაშიც მაინც დიდი რაოდენობით ნაგავი გროვდება. ამ რაოდენობის [დამსვენებლის] გამო, პარალიზებული გახდა ყველაფერი“, - ამბობს ეკატერინე ორჯონიკიძე.

მისი თქმით, საცობების განმუხტვის მიზნით, გამოსავალი უპირველეს ყოვლისა დიდი საპარკინგე სივრცის მოწყობაა ბაკურიანის წრიულ ტერიტორიაზე, ეს იდეა აქამდეც დაანონსდა, თუმცა ვერ აღსრულდა. ორჯონიკიძის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ აღნიშნული ტერიტორია კერძო მფლობელობაშია და მისი გამოსყიდვა სირთულეებთან არის დაკავშირებული.

“ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებია პარკინგის საკითხში ჩართული და მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უნდა მოხდეს გამოსყიდვა. 75 000 ჰექტარი მიწაა და სულ ადგილობრივების კერძო საკუთრებაშია.

მომავალი სეზონამდე უნდა მოვაწყოთ საპარკინგე სივრცეები, თორემ უარესი სიტუაცია შეიქმნება, რადგან ასეთი მოთხოვნაა ბაკურიანზე, ეს ყველამ დავინახეთ, რაც კარგია, მაგრამ შესაბამისი სერვისებიც უნდა დახვდეს დამსვენებელს”, - ამბობს ის.

მისივე თქმით, დამსვენებელი უნდა შეეგუოს მანქანის გარეშე მოძრაობას ბაკურიანის შიგნით და იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით, როგორც ეს ევროპულ ზამთრის კურორტებზეა.

„საფეხმავლო არ იწმინდებაო, ამბობენ, როგორ უნდა გავწმინდოთ, როცა ტროტუარები მუდმივად მანქანებით არის სავსე. ზოგჯერ ნაგვის ურნას ვერ ვცლით იმის გამო, რომ მანქანებს მისასვლელი აქვს ჩაკეტილი.

ასევე, მეც აღშფოთებული ვარ იმით, რომ ამირანის პარკისკენ ასასვლელ სამანქანო გზაზე ყინულის ბორცვებია. მე რომ მკითხო, სათხილამურო კურორტებზე მარილი საერთოდ არ იყრება, იყრება წვრილი კენჭი. მარილი აფუჭებს ასფალტს, საბურავს. მარილი აკეთებს ყინულის ბორცვებს, რასაც ჩვენი ტექნიკა ვერ ჭრის. ვერ იწმინდება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება შესაკეთებელ და გაუმართავ ცენტრალურ გზებს, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამის მიზეზი მიმდინარე წყალარინების პროექტია.

„ცენტრალური გზის საფარის მთლიანად შეცვლა ამ დრომდე არ მოხერხდა, ვინაიდან ახლა მთლიან ბაკურიანში მიმდინარეობს წყალარინების პროექტი. მთელი წყალქვეშა კომუნიკაციები იცვლება. ეს რომ მორჩება, შემდეგ იგეგმება გზების კაპიტალურად დაგება. მანამდე ადგილ-ადგილ ხდება გზების შეკეთება, რაც რამდენიმე თვეს ძლებს. მოკლედ, უამრავი პრობლემით და გამოწვევით შევხვდით ამ სეზონს”, - აღნიშნა მან.

როგორც ეკატერინე ორჯონიკიძე ირწმუნება, მას პუნქტებად აქვს ჩამოწერილი ბაკურიანის პრობლემები, რომელსაც სეზონის დასრულების შემდეგ დააყენებს სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან, - “ერთობლივად უნდა შევცვალოთ რაღაც, რათა მსგავსი სიტუაცია აღარ შეიქმნას მომავალ სეზონზე. სეზონის დასრულების შემდეგ მთავრობა, ბიზნეს სექტორი და ყველა უნდა დავსხდეთ, რომ განვიხილოთ, რა არის გამოსავალი“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ პრიორიტეტი, რაზეც სააგენტო წელს იმუშავებს, დიდი საპარკინგე სივრცის მოწყობა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები