საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გახშირდა ინფორმაცია კომპანიების შესახებ, რომლებიც კრიპტოაქტივებით ვაჭრობის გზით სარგებლის მიღების დაპირებით მოქალაქეებისგან ფულად სახსრებს იზიდავენ.
სებ-ის განცხადებით, მსგავსი საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მიზანი არა რეალური ბიზნესის განვითარება, არამედ ახალი წევრების ჩართვა და მათი ფინანსური რესურსების მოზიდვაა.
როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კომპანიები დროის გარკვეულ მონაკვეთში შესაძლოა წარმატებულად გამოიყურებოდნენ, მსგავსი სქემები საბოლოოდ მაშინ იშლება, როდესაც ახალი წევრების ან დამატებითი თანხების მოზიდვა შეუძლებელი ხდება. შედეგად, კომპანიები ვეღარ ასრულებენ მონაწილეების მიმართ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს.
"ყველა მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც მათი დაშლის წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია.
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. უპირველეს ყოვლისა, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა მსგავსი კომპანია რომელიმე უწყების მიერ. ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საბროკერო", "საინვესტიციო", და ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტი.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, თანხის დაბანდების გადაწყვეტილება მხოლოდ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე შესაძლო რისკების შესწავლისა და გააზრების შემდგომ მიიღონ,"- წერს ეროვნული ბანკი.




























