პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 თებერვლის მთავრობის სხდომაზე სამშენებლო დარგის წახალისებისთვის ახალი 500-მილიონიან პროგრამის დაწყება დააანონსა, რომლის ფარგლებშიც მთავრობა ერთდროულად იქნება ახალი უძრავი ქონების მშენებლობის დამკვეთი და ამავდროულად სამშენებლო სექტორისთვის სესხების გარანტორი. ღარიბაშვილის თქმით, ამ გზით მთავრობა შემჭიდროვებულ ვადებში 4-5 წლის გასაკეთებელს “ერთ წელში გააკეთებს”. აღშნიშნულ პროგრამის დეტალებზე სასაუბროდ კი დღეს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი „ტექნოპარკში“ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ახალ ინიციატივასთან მიმართებით კერძო სექტორის მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ახალ ინიციატივასთან მიმართებით თავისი შეხედულებები და წინადადებები ბიზნესის და საბანკო სფეროს წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა სწორედ დღეს დაიწყო და შედგა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ასოციაციები, კომპანიები, სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების ჩაერთვებიან. მისივე ინფორმაციით, პროექტი მზად მარტის ბოლოს უნდა იყოს.
„უწყებათშორისი მონაწილეობა გვექნება. ძალიან სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. შემდეგში გვექნება ჩამოყალიბებული პროექტების სხვადასხვა ვარიანტის განხილვა, რომ რაც შეიძლება ისინი მოკლე დროში ამოქმედდეს. შემდგომი სამუშაო შეხვედრა შესაძლოა თვის ბოლოს შედგეს. ამ პერიოდის განმავლობაში ვაგროვებთ ინფორმაციას უწყებებიდან და ვახდენთ მის სორტირებას. ყველა ტიპის პროექტს ეს არ შეეხება. ეს შეეხება საცხოვრებელ ფართებს, სპორტულ-კულტურულ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, გარკვეულ საოფისე ინფრასტრუქტურას. ვფიქრობთ, მარტის თვეში პროექტი მიღებული და მოწონებული უნდა იყოს მთავრობის მიერ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კითხვაზე, რა გავლენა ექნება ამ პროექტს ინფლაციაზე და ხომ არ გაუძვირდება სახელმწიფოს აღნიშნული პროექტი 2-3 წელიწადში, ეკონომიკის მინისტრმა ასე უპასუხა:
„ყველაფერი უნდა შევაფასოთ, კარგად დავთვალოთ და გავაანალიზოთ. ჩვენ რამდენიმე საჭიროება გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ამა თუ იმ ფენის საჭიროებას ვუპასუხოთ და ამ ქვეყნის კეთილდღეობის ნაწილია ის ინფრასტრუქტურა, რომელზეც ვსაუბრობდით. სახელმწიფო ხშირად აკეთებს იმ პროექტებს, რომელშიც იხდის მათ შორის დონორებისგან მოზიდულ თანხებს, იმისთვის რომ ამ საჭიროებების პრიორიტეტულობას უპასუხოს. ვაკვირდებით პროცესებს, ინფლაციის ყველა პროგნოზის შესაბამისად უნდა შემცირდეს. ჩვენ ექსტრაინფლაციურ წნეხს არ შევქმნით და პროექტი ისე განხორციელდება, რომ დადებითი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.




























