მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მშენებლობა გრძელდება“ - როდის გაიხსნება სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ ახალი შენობა?

638318fa75218
ვიქტორია მღებრიშვილი
27.11.22 12:53
1810
კახეთში, „ამბასადორი ჯგუფის“ მიერ განხორციელებული, რეგიონის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი განვითარებას განაგრძობს და როგორც დღემდე იყო ცნობილი, სასტუმროს ტერიტორიაზე ახალი 200-ნომრიანი შენობის ამოქმედება 2023 წელს იყოს დაგეგმილი.

როგორც BM.GE-ს კომპანიაში განუცხადეს, ახალი პროექტი ოპერირებას 2024 წლისთვის დაიწყებს.

„ამბასადორი კაჭრეთის“ ახალი შენობის მშენებლობა გრძელდება. ამჟამად უკვე რამდენიმე სართულია აშენებული. გეგმის მიხედვით სტუმრების მიღებას 2 წელში ვგეგმავთ. სასტუმროს ამ ნაწილის გახსნა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრულად შეცვლის კახეთში დასვენების უკვე ნაცნობ გამოცდილებას, რაც მათ შორის თანამედროვე შენობას, რეგიონში საუკეთესო სპა ცენტრს გულისხმობს“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

„ამბასადორი ჯგუფში“ პროექტის საინვესტიციო ღირებულებას არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ რომ ამოქმედების შემდეგ რეგიონში დამატებით 100 სამუშაო ადგილი გაჩნდება.

„აღნიშნული საინვესტიციო პროექტი მრავალ ათეულ მილიონს მოიცავს და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს. აღსანიშნია, რომ დღეისთვის „ამბასადორი კაჭრეთი“ 300-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივი მაცხოვრებელია. ახალი ნაწილის გახსნით კი თანამშრომლების რაოდენობა მინიმუმ 100 ადამიანით გაიზრდება“, - უთხრეს BM.GE-ს კომპანიაში.



მათივე ინფორმაციით, სასტუმროს წელს ძალიან ცხელი და დატვირთული ზაფხული ჰქონდა და დამსვენებელთა დიდი ნაწილი ადგილობრივებზე მოდიოდა.

„ცხადია შემოდგომაზე მომართვამ მცირედად იკლო, თუმცა სასიხარულოა, რომ ინტერესი დაბალი სეზონის დადგომის მიუხედავად მაინც დიდია. რაც შეეხება დამსვენებლებს, მათი უდიდესი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა გვყავს სტუმრები გალფის ქვეყნებიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან“, - აღნიშნავენ „ამბასადორში“.

ცნობისთვის: პროექტის მიხედვით, „ამბასადორი კაჭრეთის“ ახალი კორპუსი 40 000 მ2 ფართობზე განლაგებულ, 9 სართულზე გადანაწილებულ თანამედროვე დიზაინის 200 ნომერს გააერთიანებს. სასტუმროს ახალ კორპუსში დამატებით 4 საკონფერენციო დარბაზი, ასევე - რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, სავარჯიშო დარბაზი განთავსდება, შენობის ბოლო სართულზე კი დაპროექტებული ღია საცურაო აუზი ულამაზესი ხედებით და სპა მოეწყობა. კომპლექსის ახალი კორპუსის გახსნა 2 წელიწადში, 2023 წელს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები