მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობაში პროფესიონალი ხარჯთაღმრიცხველების განვითარების პროგრამა დასრულდა

64816964e57ac
BM.GE
08.06.23 10:11
1253
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია მშენებლობაში დეფიციტური პროფესიების შევსებას საგანმანათლებლო თუ სხვადასხვა ტიპის აქტივობებით უზრუნველყოფს. სწორედ ამ აქტივობების ფარგლებში, ასოციაციამ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველების განვითარების პროგრამა განახორციელა. სწორედ აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოებისა და პროფესიონალი ხარჯთაღმრიცხველების ჰაბის დაარსების ცერემონია გამართა.

აღნიშნული კურსი სპეციალურად სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის და მომავალი ხარჯთაღმრიცხველებისთვის, სამშენებლო მიმართულების სტუდენტებისთვის შედგა. ასოციაციაში, როგორც სექტორულ ორგანიზაციაში, თავი მოიყარა ინდუსტრიის ყველაზე საჭირო პროფესიების შესახებ ინფორმაციამ, რომლის საფუძველზეც შემუშავდა ხსენებული პროგრამა. ხარჯთაღმრიცხველის განვითარების პროგრამა მოიცავდა საკვლევ პერიოდს, ფოკუს ჯგუფების ჩართულობით, სილაბუსის განსაზღვრასა და საერთაშორისო პროფესიული კონტაქტების დამყარებას.

„USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს კერძო სექტორს ახალი კვალიფიციური კადრების გადამზადების მიმართულებით. ჩვენი მხარდაჭერით, ასოციაციის მიერ განხორციელებული სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის შემსწავლელი პროგრამა, რომელიც სამშენებლო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და, ამავე დროს, დეფიციტური პროფესიაა წარმატებით დასრულდა. ვიმედოვნებთ, რომ კურსის განმავლობაში მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მონაწილეებს დაეხმარება კომპეტენციების ამაღლებაში და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე დასაქმებაში“ - აღნიშნავს ნათია ვეფხვაძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მესამე კომპონენტის ხელმძღვანელი.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ანა საბახტარიშვილის თქმით, სამშენებლო ინდუსტრიაში კადრების დეფიციტი აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. „როგორც სხვადასხვა გამოკითხვამ თუ კვლევამ გვიჩვენა, ხარჯთაღმრიცხველის პროფესია მშენებლობაში განსაკუთრებულად დეფიციტურია და მოთხოვნა ამ მიმართულებით - საკმაოდ მაღალი. სწორედ აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე, დავიწყეთ შესაბამის სასწავლო პროგრამაზე მუშაობა და ვფიქრობთ, რომ ძალიან გაამართლა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაღალი დონის პრაქტიკოსი პროფესიონალების ჩართვამ პროგრამის შემუშავების პროცესში, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობამ სილაბუსის დახვეწის პროცესში და უნივერსიტეტებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობამ დახვეწილი პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ წევრ თუ არაწევრ კომპანიებს, “ანაგი”, “როუდ ქონსთრაქშენი”, “პრაიმ ბეტონი”, “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი”, “ჯითისი”, “გოუ თუ ექსპერტი”, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელთა თანამშრომლებიც როგორც ინსტრუქტორები, ხელმძღვანელობდნენ მსმენელთა პრაქტიკას.”- ამბობს ის.

სასწავლო სილაბუსი ICCA-ს გამგეობის წევრი კომპანია “ანაგის” ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოქროპირ ჩხიკვაძემ შეადგინა და თავადვე გაუძღვა კურსს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებთან, გიორგი გოგიასა და ოთარ დავლიანიძესთან ერთად.

პროგრამაზე დასაშვებად ასოციაციამ სპეციალური კრიტერიუმები შეიმუშავა და მათ საფუძველზე, მონაწილეთა შესარჩევი ღია კონკურსი გამოაცხადა. ამასთან, შემდეგ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანდ დიეგოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი, აწარმოა საინფორმაციო კამპანია აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებში სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის პროფესიის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

სასწავლო პროგრამა მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში და მოიცავდა როგორც თეორიულ (მათ შორის, MS Excel და ხარჯთაღრიცხვის ძირეული საკითხები), ისე პრაქტიკულ სწავლებებს. კურსის მსმენელებმა პრაქტიკის პერიოდში, ასოციაციის წევრ და არაწევრ სხვა კომპანიებში იმუშავეს რეალურ პროექტებზე, რომელთა შესახებაც მათ სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე ისაუბრეს.

სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველთა პროფესიული ჰაბი გააერთიანებს ყველა იმ სპეციალისტს, რომელიც აქტიურად მუშაობს სახარჯთაღრიცხვო საკითხებზე და უზრუნველყოფს ერთგვარი პროფესიული ქსელის შექმნას, ინფორმაციის მიმოცვლისა და გამოწვევებსა თუ სიახლეებზე დისკუსიისათვის. ჰაბის ფარგლებში პირველ დისკუსიას ოქროპირ ჩხიკვაძე გაუძღვა, სადაც მან დამსწრე აუდიტორიასთან ერთად, პროფესიაში აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები