მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Reachnewmarkets: ქართული სანელებლები და სამკურნალო მცენარეები EU-სა და აშშ-ს ბაზარზე - „ფარკონის" ისტორია

64778a7e1dd0e
ლიკა მეგუთნიშვილი
31.05.23 22:20
804
მდიდარი ბუნება, კონტრასტული რელიეფი, მაღალი მთის კლიმატი, მინერალური წყაროების სიუხვე, ნიადაგის ნაირფეროვნება - იმერეთში, სწორედ ასეთ პირობებში გროვდება ის მცენარეული ნედლეული, რომლის გადამუშავებასა და რეალიზაციას კომპანია „ფარკონი“ 1997 წლიდან ახორციელებს. „ფარკონმა“ დროთა განმავლობაში წარმოების პროცესი განავითარა და ამჟამად მის მფლობელობაში ორი საწარმოო ობიექტია, სადაც ყოველწლიურად 300 ტონა სამკურნალო მცენარე, 300 ტონა დაფნა და 5 მილიონ ერთეულამდე სუნელ-სანელებლები იწარმოება.

„სამკურნალო მცენარეებს ძალიან დიდი გადაკვეთა აქვს სუნელ-სანელებლებთან. სწორედ ამიტომ, როდესაც თავიდან სამკურნალო მცენარეების წარმოება დავიწყეთ, შემდეგ უკვე სუნელ-სანელებლების წარმოებაზეც გადავედით. გლეხებისგან ვიღებთ ისეთ მცენარეებს, როგორიცაა ყვითელი ყვავილი, ქინძი, ოხრახუში და ა.შ. ჩვენ ამ მცენარეებს ვახმობთ, ვამუშავებთ და შემდეგ ვაფასოებთ“, - აცხადებს „ფარკონი“-ს დამფუძნებელი, მამუკა ალფაიძე.

„ფარკონი“ ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც, სერტიფიცირებულ პროდუქციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს და ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს მკაცრად იცავს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი პროდუქცია 100%-ით ნატურალურია და არანაირ დანამატებსა თუ მინარევებს არ შეიცავს. მათი თქმით, სწორედ ხარისხია ის მთავარი განმაპირობებელი, რის გამოც „ფარკონის“ პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. მზარდმა მოთხოვნამ კი კომპანიას, ახალი მიმართულებების დამატებისკენ უბიძგა.

„გეგმაში გვაქვს, რომ წითელი წიწაკის წარმოება დავიწყოთ, რადგან მას სუნელ-სანელებლებში დიდი წილი უკავია და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ექსპერიმენტები უკვე გავაკეთეთ და ძალიან ხარისხიანი გამოვიდა. რასაკვირველია, არ იქნება ისეთი იაფი, როგორიც საზღვარგარეთის იაფფასიანი პროდუქტია, მაგრამ ხარისხიან სეგმენტში კონკურენტუნარიანი ვიქნებით“, - განაცხადა მამუკა ალფაიძემ.

ადგილობრივ ბაზარზე მრავალწლიანი ოპერირების პარალელურად „ფარკონის“ პროდუქცია წარმატებულად ისეთ ბაზრებზე იყიდება, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია, ინდონეზია და ევროპის ქვეყნებია. ამ ქვეყნებში ფარკონის მიერ წარმოებული სანელებლების 20%, ხოლო სამკურნალო მცენარეებისა და დაფნის 100% გადის. როგორც კომპანიაში ამბობენ, საექსპორტო მიმართულების განვითარებაში მათი მთავარი ხელშემწყობი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამაა, რომელიც მათ უმსხვილეს სავაჭრო ქსელებთან აკავშირებს და არაერთ პოტენციურ მყიდველს აცნობს.

„მხოლოდ ჩვენი ძალებით შესაძლოა, ამ ურთიერთობების გაღრმავება და კონტაქტების დამყარება დროში გაწელილიყო. USAID-ის ხელშეწყობით კი, პროცესი მნიშვნელოვნად ჩქარდება. ამის პარალელურად, გვეხმარებიან ასევე ახალი დანადგარების შეძენაში, რაც კიდევ უფრო ხელს გვიწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობასა და მათი ნდობის მოპოვებაში“, - აღნიშნავს ალფაიძე.

„ფარკონის“ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ინტერესი და მოთხოვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად იზრდება. ბოლო პერიოდში კი მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ მიწოდებას ვეღარ აკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ კომპანიამ მიზნად ახალი საწარმოს მშენებლობა დაისახა. გეგმის სისრულეში მოსაყვანად სამუშაოები უკვე დაწყებულია და სულ რამდენიმე თვეში საბოლოო სახეს მიიღებს. ახალი საწარმო „ფარკონის“ წლიურ წარმადობას გაასამმაგებს.

„ადრე როდესაც უცხოელებს ვხვდებოდით, გვეუბნებოდნენ, თუ რა რაოდენობის პროდუქციის წარმოება შეგვეძლო და ჩვენ იმდენად მცირე მოცულობას ვაწარმოებდით, რომ ურთიერთობები აღარ დგებოდა. ახლა უკვე წარმადობის ის მაჩვენებელი გვაქვს, რომ თავისუფლად შეგვიძლია მათ პროდუქცია მივაწოდოთ. ახალი დანადგარები ჩამოგვაქვს, ნაწილი ჩვენი ძალებით, ნაწილი კი USAID-ის დახმარებით“, - ამბობს კომპანია „ფარკონი“-ს დამფუძნებელი, მამუკა ალფაიძე.

კომპანიის სამომავლო გეგმები წარმოების კიდევ უფრო ზრდა-განვითარებისა და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებისკენაა მიმართული. მიზანი მკაფიო აქვთ, მსოფლიოს უნდა აჩვენონ რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც უნიკალური, მდიდარი გემოვნური თვისებების მქონე მცენარეული ნედლეული იწარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები