მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Reachnewmarkets: ჩურჩხელა EU-ს, აშშ-სა და აზიის ბაზრებზე - „ნუგბარის“ წარმატების ისტორია

64a2e58caaddd
ლიკა მეგუთნიშვილი
04.07.23 10:20
1543
საქართველოში იმ კომპანიათა რაოდენობა, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ტკბილეულს ქმნიან, მზარდია. მათ შორისაა „ნუგბარიც", რომლის ისტორია 2015 წელს სიღნაღში, ეკა ბოქოლიშვილის სამზარეულოში დაიწყო. თავდაპირველად ის თათარას მხოლოდ ერთ ქვაბში ხარშავდა და ჩურჩხელას ხელით ავლებდა. თუმცა კახური ტრადიციებით შექმნილ ტკბილეულზე მოთხოვნა იმდენად მზარდი იყო, რომ ოჯახურმა ბიზნესმა ფართო ასპარეზზე გადაინაცვლა.

„თავდაპირველად დღეში ერთ ქვაბ თათარას და დაახლოებით 400-500 ჩურჩხელას ვაკეთებდით. დროთა განმავლობაში გაყიდვები იმდენად გაიზარდა, რომ რაოდენობაც გავზარდეთ და დღის განმავლობაში რვა ქვაბ თათარას ვამზადებდით. ამ რაოდენობის ჩურჩხელა ჩემს სახლში ვეღარ ეტეოდა, ამიტომ გადავიწყვიტეთ, ბიზნესი გაგვეფართოებინა და საწარმო აგვეშენებინა“, - ამბობს „ნუგბარის“ თანადამფუძნებელი, ეკა ბოქოლიშვილი და დასძენს, რომ სამი წლის გაყიდვების შედეგად მიღებული მოგება კვლავ ბიზნესში ჩააბრუნეს, ბანკის სესხიც დაამატეს და 2018 წელს პარტნიორებთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი საწარმო გახსნეს.

დღეს ამ საწარმოში წლიური წარმადობა 300 000 ჩურჩხელაა, საიდანაც ნახევარი ქართულ ქსელურ სუპერმარკეტებში იყიდება, დარჩენილი ნაწილი კი ექსპორტზე გადის. ქართულ გემოს "ნუგბარი" დღეს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანას აცნობს.

„ჩურჩხელა ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ასევე ისრაელში გაგვაქვს. მთავარი საექსპორტო ბაზრები კი გერმანია და ლიეტუვაა. ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია მიაქვთ და რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. ახლაც 12 000-მდე ჩურჩხელა გვაქვს გასაგზავნად გამზადებული“, - აღნიშნა ეკა ბოქოლიშვილმა.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ საექსპორტო მიმართულების განვითარება დაიწყო, აქცენტს მხოლოდ არატრადიციულ, მაღალ მსყიდველუნარიან ბაზრებზე აკეთებენ, სადაც პარტნიორებსაც და პროდუქტსაც სათანადოდ აფასებენ. ამ პროცესში მათი მთავარი მხარდამჭერი, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამაა, რომელიც კომპანიას იდენტობის შექმნასა და საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის გაზრდაში ეხმარება.

„USAID-ის მხარდაჭერით ჩურჩხელის ახალი შეფუთვები შევქმენით, რომლებიც ტრადიციული ქართული სუფრის ფერებშია გადაწყვეტილი. გარდა ამისა, სწორედ USAID-ის დახმარებით ავიღეთ ISO სერტიფიკატი და ასევე, დუბაიში გამართულ საერთაშორისო გამოფენაშიც მივიღეთ მონაწილეობა“, - აცხადებს „ნუგბარის“ თანადამფუძნებელი, ეკა ბოქოლიშვილი.

ერთი ადამიანის შრომით დაწყებული ბიზნესი, დღეს 100-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. კომპანიის გეგმები წლებთან ერთად კიდევ უფრო მასშტაბური ხდება, რაც ძირითადად ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებისკენაა მიმართული. მიზანი ერთი აქვთ, მსოფლიოს ყველა კონტინენტს გააცნონ გემო, რომელიც ქართულ კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები