მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობაში ხელს არავის ვუშლით, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად - კალაძე

622865b53f62d
ინგა მურუსიძე
09.03.22 12:50
959
ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი დაწყებულია და პროცესს კომპანია ორ კვირაში დაასრულებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შენობის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით და ყოველგვარი დამატებითი სართულის გარეშე დასრულდება.

„ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მიმდინარეობდა კონკრეტული შენობა-ნაგებობის მშენებლობა. შეთანხმებული იყო სხვა პროექტი და დაამატეს ერთი სართული, რაც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ჩვენს მიდგომებს ქალაქის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ძველი თბილისი ჩვენთვის ძალიან სენსიტიური თემაა. მე მაშინვე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმით აღნიშნული პროექტის განხორციელება ვერ და არ მოხდებოდა. ამის შემდეგ, მოვისმინეთ სპეკულაციები გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ძირითადად, სიცრუეს, სიყალბეს გადმოსცემენ. ამ ადამიანებს არაფერს გავუტარებთ და საზოგადოებას სწორ ინფორმაციას მივაწვდით. მე ვიყავი პირველი, ვინც პროექტის ამ ფორმატით განხორციელებაზე უარი თქვა და საჯაროდ დაგმო. ჩვენ დაპირებას ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, მშენებელმა კი სასტუმროს ერთი სართული უნებართვოდ დააშენა.

„ამ წუთებში მიმდინარეობს ზედა სართულის დემონტაჟი. ორი კვირა დასჭირდება სადემონტაჟო სამუშაოებს და პროექტი მიიღებს ნორმალურ სახეს, განხორციელდება იმგვარად, როგორც იყო შეთანხმებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა თბილისის მიმართ. ხელს არავის ვუშლით იმაში, რომ მშენებლობები განახორციელონ და ქალაქი განავითარონ, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები