2024 წელს საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა და ფართობიც გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში 12 080 მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, რაც ჯამში 12,040,430 კვ.მ-ს მოიცავს. 2023 წელს კი, 11 279 ნებართვა იყო გაცემული, ჯამში 9,379,223 კვ.მ-ის ფართობზე.
გასულ წელს ყველაზე მეტი ნებართვა (5,648) თბილისში გაიცა, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი 1,267 ნებართვით და მცხეთა-მთიანეთი - 985 ნებართვით. ამასთან, აჭარაში გასული წლის განმავლობაში 823 მშენებლობის ნებართვა გაიცა, კახეთში კი - 968. ყველაზე ცოტა - 65 ნებართვა, ტრადიციულად რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონზე მოდის.
რაც შეეხება სამშენებლო ობიექტების ტიპებს, რომელზეც ნებართვა გაიცა, უმრავლესობა საცხოვრებელ შენობებზე (8,440) მოდის. მას მოჰყვება სამრეწველო და სასაწყობო შენობები - 935 ნებართვა და სავაჭრო ობიექტი - 803 ნებართვით. ამასთან, გასულ წელს 249 სასტუმროს აშენებაზე გაიცა სამშენებლო ნებართვა.




























