მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მშენებლობაზე საშუალო ხელფასმა ₾3 000-ს გადააჭარბა და საბანკო სექტორსაც გაასწრო - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

მშენებლობა

საქართველოს სამშენებლო სექტორში 2025 წელი მუშახელზე გაწეული დანახარჯების რეკორდული ზრდით გამოირჩეოდა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, დარგში საშუალო ანაზღაურებამ 3000 ლარს გადააჭარბა, რითაც საფინანსო ინსტიტუტებში არსებულ მაჩვენებლებსაც კი აჯობა.

გიორგობიანი განმარტავს, რომ სამშენებლო ინდექსის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ხელფასების კომპონენტმა შეიტანა, მაშინ როცა მასალების ფასების მატება შედარებით ზომიერი იყო.

ასოციაციის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს ფასების რყევისგან თავდაცვის მექანიზმებზეც და აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ე.წ. „ინდექსაციის“ პრაქტიკა ჯერ კიდევ დასანერგია. მისი თქმით, საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში ინდექსაცია კონტრაქტის განუყოფელი ნაწილია, რაც ქართული სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევაში ჯერჯერობით სავალდებულო არ არის.

“2025 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ სამშენებლო ინდექსში მუშახელზე გაწეულმა დანახარჯმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ფაქტობრივად, ყველაზე დიდი ზრდა ამ კომპონენტში მოხდა. მასალებზე არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი ზრდა, როგორც ხელფასების ნაწილში. შედეგად, 2025 წელი დაგვამახსოვრდება იმით, რომ მშენებლობის სექტორში საშუალო ხელფასის ოდენობამ 3000 ლარს გადააჭარბა და გაასწრო საფინანსო ინსტიტუტებს.

ერთადერთი დაზღვევა ფასების რყევისგან არის ინდექსაცია. საერთაშორისო დაფინანსებულ პროექტებში ინდექსაცია ყველა კონტრაქტშია, თუმცა ქართულ კონტრაქტებში ეს სავალდებულო პრაქტიკამდე ჯერ ვერ მივიდა. მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სამყარო ცვალებადია. ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასები აისახება მასალებზეც და სახელმწიფოს მოუწევს კორექტირებული ბიუჯეტის თუ გაზრდილი ხარჯების ასახვა დაგეგმილ პროექტებში.”-ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი.

ცნობისთვის, სამშენებლო მასალების ფასები მაღალ ნიშნულზე რჩება, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებას აძვირებს - ამის შესახებ TBC Capital-ის კვლევაში იკითხება. კერძოდ, ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია, რომ 2020-2022 წლებში სამშენებლო მასალების ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც გლობალური მიწოდების შეფერხებებმა და ენერგორესურსებზე ფასების მატებამ განაპირობა. ამან მშენებლობის დანახარჯების მთლიანი ინდექსი დაახლოებით 45–50%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები