მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტის წარდგენა სავალდებულო ხდება

634d5a4f9bdab
BM.GE
17.10.22 17:43
976
მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების პროექტის წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება. გამონაკლისს მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტის არსზე და მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ეს წესი თბილისის მასშტაბით 2019 წლიდან მოქმედებს და შედეგები უკვე სახეზეა. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს გამწვანების პროექტის, როგორც სამშენებლო ნებართვის განუყოფელ ნაწილად აღიარებას. კერძოდ, რეგლამენტირებული იქნება, რომ სამშენებლო პროექტს უნდა ახლდეს სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა, ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების დარგვას და მათ შემდგომ მოვლას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონის ამოქმედებამ შესაძლოა იქონიოს ფინანსური გავლენა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, მათ მიერ უნდა მომზადდეს დამატებითი საინფორმაციო დაფა და ასევე ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავ(ებ)ის აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ ხაჯებთან.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კიდევ ერთი კანონპროექტი განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით, არსებულ და კონცეფციის გარეშე დამტკიცებულ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მარტივდება. კერძოდ, საკუთარ მიწის ნაკვეთზე გეგმარებითი პირობების შეცვლით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მოითხოვოს ქალაქთმშენებლობით გეგმის პროექტში ცვლილების შეტანა და ამისთვის არ ექნება მთელი დასახლებისთვის გეგმის კონცეფციის მომზადების ვალდებულება.

კომიტეტმა განხილვის დასრულების შემდეგ მხარი დაუჭირა ორივე კანონპროექტს.

კანონპროექტის პირველი და მე-2 მუხლების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2022 წლის პირველი სექტემბრიდან. ხოლო, კანონპროექტის მე-3 და მე-4 მუხლის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე.

კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.

კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ირაკლი ხახუბია, ბექა დავითულიანი, ლევან ქარუმიძე, დავით კაჭარავა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები