მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მშობიარობისა და საკეისროს დროს, აყვანილი ექიმის მომსახურება გათვალისწინებულია ტარიფში და ამ მიზეზით, პაციენტის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა არ შეიძლება" - ილია ღუდუშაური

სს
12.12.23 21:47
406

„მშობიარობისა და საკეისროს დროს, აყვანილი ექიმის ანაზღაურება გათვალისწინებულია იმ ტარიფში, რომელიც დავაწესეთ. ამ სერვისის გამო, არც ერთ კლინიკას არ აქვს უფლება პაციენტი გაიყვანოს დაფინანსების DRG მოდელიდან და ასეთ შემთხვევებში გვაქვს საკმაოდ მკაცრი რეაგირება“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ილია ღუდუშაურმა განმარტა, რომ რეფორმა სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა.

„ქვეყანაში არსებობს კლინიკები, რომლებიც ერთგვარ, პრემიუმ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს, მაგალითად VIP პალატები და ა.შ, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სურს, ე.წ. VIP პალატა ან სხვა ექსტრაორდინარული სერვისი, რა თქმა უნდა, შეუძლია, ერთჯერადად, გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და თავად დააფინანსოს მომსახურების ხარჯები. თუმცა, აყვანილი ექიმის მომსახურება, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არის ტარიფში გათვალისწინებული და ამ მიზეზით, პაციენტის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა, არ შეიძლება.

ახლაც, როდესაც პროგრამა საპილოტე რეჟიმი მოქმედებს, ვახდენთ რეაგირებას და კლინიკებს ვატყობინებთ, რომ არ შეიძლება, ამ მიზეზით, მარტივად რომ ვთქვათ, პაციენტები მოვატყუოთ.

თუმცა, ორი თვის თავზე, როდესაც პროგრამის საპილოტე რეჟიმი დასრულდება, ამოქმედდება სანქციები და შესაბამისი სანქციები აუცილებლად განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„სერვისების სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ადრე დავიწყეთ კომუნიკაცია კლინიკებთან და ასოციაციებთან. ამ კომუნიკაციის შედეგად, ვფიქრობ, რომ სამშობიაროების აბსოლუტური უმრავლესობა მეტ ნაკლებად კმაყოფილია. რაც შეეხება გარკვეულ გამოწვევებს, რაც კონკრეტულ, მაღალანაზღაურებად ექიმებთან მიმართებაში სახელდება, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიცია - ეს არის კლინიკის და ექიმის ურთიერთობის საკითხი, როდესაც ექიმი არის ძალიან წარმატებული, ჰყავს ბევრი პაციენტი, ამ შემთხვევაში კლინიკამ და ექიმმა ანაზღაურების ნაწილი უნდა დაარეგულირონ შიდა სტრუქტურით, რაც ბევრად სამართლიანი იქნება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები