მიმდინარე წლის დეკემბერში, მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ ბათუმში მაღაზიის გახსნას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ესმა ხალვაშმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ამ ეტაპზე მაღაზიის გახსნას ბათუმში გვაქვს დაგეგმილი და ის რამდენიმე დღეში უკვე გაიხსნება, მოგვიანებით, არეალს აუცილებლად გავაფართოებთ“, - აღნიშნა ხალვაშმა.
მისივე თქმით, 2023 წელი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
„რეალიზაციის მაჩვენებელმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა, ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად გაიცნო ჩვენი პროდუქტი,რის გამოც მიმდინარე წელს, მოგვიწია უკვე ნედლეულის მიღება გაგვეორმაგებინა, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარს გაზრდილი რაოდენობით პროდუქტი მივაწოდეთ. ამ მაჩვენებლებმა კი საკუთარი მაღაზიის გახსნის იდეა გააჩინა და რამდენიმე დღეში “კერკის” მაღაზია მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება.
მაღაზიის გახსნა, წინასაახალწლოდ დავგეგმეთ, რადგან მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება, როგორც მომხმარებლებისთვის ნაცნობი პროდუქტები, ასევე გვექნება ექსკლუზიური შეთავაზებებიც, ამიტომ ვფიქრობ, წინასაახალწლო პერიოდში მაღაზიის გახსნა, სწორი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება პროდუქციის ასორტიმენტს, მაღაზიაში ის პროდუქტებიც დახვდებათ მომხმარებლებს, რაც ქსელურ მარკეტებში ხელმისაწვდომი არ არის მხოლოდ ექსკლუზიური ხილის და ბოსტნეულის ჩირები და ტყლაპები იქნება წარმოდგენილი,“ - ამბობს ესმა ხალვაში.
"კერკი", ქართული მშრალი ხილის ბრენდია, რომელიც ხუთი სახის პროდუქტს მოიცავს: ჩირი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ცუკატი და თხილეული. კერკის საწარმო ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს და პროდუქციას სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის უმაღლესი სტანდარტით აწარმოებს.