მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რაც პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ - კობახიძე

კობახიძე

გვჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს, როდესაც მსოფლიო ტრადიციული სავაჭრო გზებისა და მიწოდების ჯაჭვების გადაფასების, ახალი მარშრუტების ძიების პროცესშია, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცებისკენ. ეს აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრის მყარ ღერძად. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება საქართველოში.

"საუკუნეების განმავლობაში, აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა, მოძრაობდა არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ კულტურა, იდეები და პროგრესი. დღეს, მსოფლიო ტრანსფორმაციების ეპოქაში, ახალი გამოწვევების და, ამავდროულად, შესაძლებლობათა წინაშე, ისტორიული აბრეშუმის გზის იდეა იძენს სრულიად ახალ, საკვანძო მნიშვნელობას. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა - ინვესტიცია კავშირებში, ზრდა სტაბილურობაში - სწორედ ამ ახალ გამოწვევებზე პასუხს წარმოადგენს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს "ოცნების" ხელისუფლების "პროაქტიული საგარეო პოლიტიკა".

"ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს - ვაშენებთ ახალ პორტებს, ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვქმნით ციფრულ და ენერგეტიკულ მაგისტრალებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონის განახლებად ენერგიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს. ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესისთვის”, - განაცხადა მან.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი, რაც თბილისს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს.

„დღეს კავშირები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია; ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს. მაგრამ XXI საუკუნეში, მდგრადი განვითარებისთვის, აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება - ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ამდენად, ბუნებრივია, რომ დღევანდელი ფორუმის პანელური დისკუსიები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება: გლობალური ვაჭრობის მომავალს, შუა დერეფნის პოტენციალს, ენერგეტიკულ ინტეგრაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას.

სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი. ეს საეტაპო მნიშვნელობის სიახლე, რომელიც სინგაპურელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, ჩვენს დედაქალაქს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები