სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ეწვია, სადაც, სიტყვით გამოსვლისას “მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი” წარადგინა, რომლის მიზანიც, მისივე თქმით, ამიერკავკასიის რეგიონში მშვიდობის აღდგენაა.
“ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება. მდგომარეობა, სადაც ქვეყნები ღია საზღვრებით, ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომიკითა კულტურით, ცოდნითა და განათლებით არსებობენ, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ.
სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია და მიზნად ისახავს სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის კომუნიკაციების განვითარებას, საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი სისტემების მოდერნიზებითა და შენებით”, - ამბობს ფაშინიანი.
მისი თქმით, იმ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც სომხეთზე გადის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებს დაკავშირების საუკეთესო გზაა, რასაც ხელს საქართველოს პორტებიც შეუწყობს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნული პროექტის ხელშეწყობისთვის კერძო სექტორის დახმარებასაც ითხოვს.
“მინდა მივიპყრო როგორც მთავრობის წარმომადგენლების, ისე კერძო სექტორის ყურადღებაც - ჩემო გუნდი დამატებით ინფორმაციას წარმოგიდგენთ და ჩვენთვის თქვენი შეფასება და პროექტის განვითარებაში მონაწილეობა ძალიან ღირებული იქნება.
უახლოეს მომავალში ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის მთავრობებისთვის და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ინვესტორების ჩართულობით, მის განხორციელებას შევძლებთ”, - აცხადებს ფაშინიანი.