მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსხვილ ჰიდროპროექტებს სახელმწიფოსგან, სავარაუდოდ, დამატებითი ხელშეწყობის ინსტრუმენტები ექნება

ენგურჰესი

მსხვილ, სტრატეგიულ ჰიდროპროექტებს სახელმწიფოსგან დამატებითი ხელშეწყობის ინსტრუმენტები ექნება. ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელიც “ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 30 დეკემბერს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა.

როგორც BMG-ს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა განუცხადა, საუბარია, სავარაუდოდ, ნამახვანის, ნენსკრას, ხუდონისა ჰესებსა და ენგურის მააკუმულირებელ სადგურზე.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დამატებითი ხელშეწყობის ინსტრუმენტები ექნება მსხვილ პროექტებს, რომელთაც ქვეყანა და სახელმწიფო სტრატეგიულად მიიჩნევს.

კონკრეტიკა ბევრი არ იყო, თუმცა საუბარია იმაზე, რომ სხვა ტარიფი შეიძლება ჰქონდეს, ან სახელმწიფოსგან რაღაც, დამატებითი ხელშეწყობა იყოს მემორანდუმში იმისათვის, რომ ინვესტიცია განხორციელდეს ჩვენთვის სტრატეგიულ პროექტებში“ - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.

მისივე თქმით, ბიზნესი ახლა, მთავრობის მიერ დაანონსებული ახალი, დეტალური გეგმის მოლოდინშია, რომელიც დარგის მომავალ პრიორიტეტებსა და თამაშის წესებს განსაზღვრავს. ეს ასევე, ერთ-ერთი ის საკითხია, რაც ენერგეტიკის სექტორისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ბოლო შეხვედრაზე განიხილეს.

ამასთან, ენერგეტიკის კერძო სექტორი მთავრობისგან ელოდება გეგმის წარდგენას იმ საკითხებზეც, თუ კონკრეტულად ვის და რა პრინციპით ჩამოეწერება ჯარიმები. შესაბამის გეგმას, ეკონომიკის სამინისტრო, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში წარადგენს.

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 30 დეკემბერს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლითაც კომპანიებს ჯამში, მილიარდი ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერათ. ქვრივიშვილის ინფორმაციით, ჯარიმის ჩამოწერის შემდეგ, კერძო სექტორს თავისუფლება ექნება პროექტის ეტაპიდან და შინაარსიდან გამომდინარე, თავად განსაზღვროს მისი განვითარებისთვის საჭირო ახალი ვადა.

ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით, ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმა, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები