ქვეყანაში მიმდინარე თუ შესრულებული მსხვილი პროექტების მთავარი კონტრაქტორები ქართული კომპანიები არ არიან. როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა საბახტარაშვილი აღნიშნავს, მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიები მსხვილ პროექტებში მონაწილეობას ვერ იღებენ, იმ სტანდარტების არ არსებობაა, რომლებსაც დონორი ორგანიზაციები ითხოვენ. მისი განცხადებით, ადგილობრივ კომპანიებს, ხშირ შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორის სტატუსი აქვს. როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, არსებობს პრაქტიკები, როდესაც ქართული კომპანიები ქვეკონტრაქტორის სტატუსსაც კი ვერ იღებენ.
"სამწუხაროდ, ერთი და ორი კომპანია თუ აკმაყოფილებს ხოლმე იმ მოთხოვნებს, რომლებიც დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში იდება. ყველაზე მსხვილ პროექტებში მთავარი განმახორციელებელი არასდროს არ არის ქართული კომპანია. ქართული მხარე ვერ აკმაყოფილებს მთავარი კონტრაქტორის სტანდარტებს, მაგრამ მას ქვეკონტრაქტორად შემოსვლა და სარგებლის მიღება შეუძლია" , - განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.
მისი განცხადებით, სახელმწიფო უწყებებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მაქსიმალურად უნდა ემუშაონ, რათა მათ მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტების ტენდერებში მონაწილეობა ქართულმა კომპანიებმაც მიიღონ.
"თითოეულ პროექტში ქართული მხარის მეტი მონაწილეობა უნდა იყოს. ზოგადად, სამშენებლო სექტორს განვითარების ძალიან მკაფიოდ დეკლარირებული გრძელვადიანი გეგმა უნდა არსებობდეს, რომელიც სექტორს ეცოდინება იმისთვის, რომ განვითარდეს. მიზნად არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება, არამედ ამ პროცესში სექტორის განვითარება უნდა ავიღოთ. ჩვენი მოსაზრება არის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებში, ქართულმა მხარემ მკაცრად მოითხოვოს ისეთი პირობები, რომლებიც ქართული კომპანიების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს", - აღნიშნა ანა საბახტარიშვილმა.
რატომ არ არის მსხვილ საერთაშორისო პროექტებში ქართული კომპანიები კონტრაქტორები? რამდენად აყენებს მთავრობა საკითხს დონორებთან მოლაპარაკებების დროს? კითხვებით BMG-იმ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა. უწყებისგან პასუხს ველით.