კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საწვავის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ BMG-სთან განაცხადა, მცირე ქსელებში ფასებმა საშუალოდ 15-20 თეთრით იკლო, ხოლო მსხვილ ქსელებში 5-7 თეთრით.
ლექვინაძის თქმით, შესაძლოა, მსხვილ ქსელებში საწვავის ფასის კლების რესურსი კიდევ არსებობდეს.
„მონიტორინგი გრძელდება, გვაქვს 9 თვის მონაცემები, რომელთა ანალიზს ვახორციელებთ ახლა. ივლისის თვიდან საერთაშორისო ბაზრებზე იყო ფასების კლების ტენდენცია. ამავე პერიოდში ვალუტის კურსიც იყო სტაბილური. ვნახეთ, რომ სექტემბერში, მცირე ქსელებში ფასის დაახლოებით 20-თეთრიან კლებას ჰქონდა ადგილი, კლება საშუალოდ 15-20 თეთრის ფარგლებში იყო. ზოგადად, მცირე ქსელები უფრო მოქნილები არიან და მარაგებიდან გამომდინარე სწრაფად რეაგირებენ საერთაშორისო ფასების ცვლილებაზე. მსხვილ ქსელებთან მიმართებით სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში დაახლოებით 5-7 თეთრიანი კლება დაფიქსირდა ყველა ტიპის საწვავზე.
ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში კლების რესურსი შეიძლება კიდევ უფრო მეტად არსებობდეს დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, თუმცა გარე ფაქტორები ძალიან სწრაფად იცვლება. ვხედავთ ბოლო პერიოდში იგივე სპარსეთის ყურეში განვითარებულ მოვლენებს, რამაც გარკვეულწილად გაზარდა ფასები ნავთობზე და ასევე კურსის ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, ჩვენი დაკვირვებით ასეთი ვითარებაა, გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ცოტა რთული იქნება. გვაქვს კომუნიკაცია კომპანიებთან, ვცვლით ინფორმაციას მათი მარაგების თუ იმ ფაქტორების შესახებ, რაც ფასწარმოქმნაზე ახდენს გავლენას, ეს მონიტორინგის რეჟიმში მიმდინარეობს“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.