მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილ სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობა, სამაცივრე ინფრასტრუქტურა... - სონღულაშვილი სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სექტორის განვითარების საკითხები, დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამები და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილა.

სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს დარგში არსებული საჭიროებები გააცნეს. საუბარი შეეხო პროდუქციის რეალიზაციის საკითხებს, მსხვილ სავაჭრო ქსელებთან პირდაპირი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებას, ასევე სასაწყობე და სამაცივრე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.

„სასათბურე მეურნეობების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და იმპორტის ჩანაცვლება, ხოლო მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდა. ამისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების ეფექტიანობის ზრდა, სასაწყობე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. აღნიშნული მიმართულებით სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს. პირველი ივლისიდან ამოქმედდება შესაბამისი პროგრამები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებებიც განხორციელდება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ინვესტიციების მოზიდვის და ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე, რაც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს.

უწყების ცნობით, შეხვედრა დარგობრივი საბჭოს ფორმატში გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს სექტორის წარმომადგენლებთან რეგულარულ კომუნიკაციას, კვარტალში ერთხელ შეხვედრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ხოლო თვეში ერთხელ მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით. საბჭოს ფარგლებში განიხილება დარგისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და განისაზღვრება მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები