სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, "გადაიღე საქართველოშის" 5 მილიონ ლარიანი ბიუჯეტი არსებულ პროექტებს სრულად ჰყოფნის.
როგორც ხიდურელმა BMG-ის მიერ პროგრამის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე ომმა ჰოლივუდის მხრიდან მსხვილი პროექტების ამ რეგიონში განხორციელების დაინტერესება შეამცირა. მისივე თქმით, იყო მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ ფილმთან დაკავშირებით.
“ამ პროექტის ყოველწლიური ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია და ყოველწლიურად ხდება მისი სრულად ათვისება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა, რა თქმა უნდა არის. მსხვილი პროექტების ტენდენციამ ჩვენი მიმართულებით მოიკლო. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი არის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლის ზოგადად ამ დარგს და ჰოლივუდის პროდიუსერები აქეთა მხარეს უყურებენ მეტ-ნაკლებად რისკიან მხარედ და დიდი მადა მათ აღარ აქვთ მსხვილი ფილმების. თუმცა, ჩვენ გვქონდა რამდენიმე მსხვილ ფილმთან მოლაპარაკება და ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ის ბიუჯეტი რაც გვაქვს, იმ პროექტებს, რომლის მოთხოვნაც არის, სრულად ჰყოფნის”, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
სააგენტო სახელმწიფო პროგრამას "გადაიღე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს საქართველოში ფილმების თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქციის გადაღების შესაძლებლობას აძლევს, რა დროსაც კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან უბრუნდებათ.