მსოფლიო ბანკის მმართველი საბჭო კლიმატის “დანაკარგისა და ზარალის” ფონდის გახსნაზე შეთანხმდა. Reuters-ის ინფორმაციით, საბჭომ დაამტკიცა გეგმა, რომლის თანახმადაც აღნიშნული ფონდი იმ განვითარებად ქვეყნებს დაეხმარება, რომლებიც კლიმატის ცვლილებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
აღსანიშნავია, რომ “დანაკარგისა და ზარალის” ფონდზე მსჯელობა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო, 2023 წლიდან კი რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ და ნიდერლანდებმა, ფონდში სოლიდური თანხების ჩარიცხვის პირობაც დადეს. თუმცა ფონდის მმართველად მსოფლიო ბანკის არჩევა ზოგიერთი ქვეყნისგან კრიტიკის მიზეზიც გახდა - მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ფონდი დონორების, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ზედმეტად დიდ გავლენას მიანიჭებს.
ფონდს მსოფლიო ბანკი 4 წლის განმავლობაში წარმართავს, მისი ბორდი კი ბანკის მმართველი საბჭოსგან დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და ფინანსურ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებს.
კლიმატის აქტივისტები მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ მსოფლიო ბანკმა ფორმალური ნაწილი და ხელშეკრულებები აგვისტომდე უნდა დაასრულეს, რითაც იგი ფონდის საბჭოს ავტონომიას უზრუნველყოფს და განვითარებად ქვეყნებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გარანტიას მისცემს.
როგორც აქტივისტმა ჰარჯიტ სინგმა Reuters-ს განუცხადა, ფონდის წარმატება განისაზღვრება იმით, თუ რამდენად სწრაფად და ადეკვატურად შეძლებს ის გაუმკლავდეს მწვავე კლიმატურ გამოწვევებს.