მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, ირანის ომი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს

აჯაი ბანგა

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, აჯაი ბანგა აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის საომარი მოქმედებები, მათი დასრულების ვადის მიუხედავად, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპს გარკვეულწილად შეამცირებს და ინფლაციას გაზრდის.

Atlantic Council-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ბანგამ განმარტა, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც კონფლიქტამდე 2.83% იყო, საბაზისო სცენარით 0.3-0.4%-ით შემცირდება.

საომარი მოქმედებების გახანგრძლივების შემთხვევაში კი, ნეგატიურმა გავლენამ შესაძლოა 1%-ს გადააჭარბოს, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდოს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, გავლენის მასშტაბი ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული შეფერხებების სიმძიმესა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. როგორც ის ამბობს, კონფლიქტის სწრაფი დასრულება მომდევნო თვეებში ვითარების გარკვეულ ნორმალიზებას გამოიწვევს, თუმცა დაპირისპირების გაჭიანურება კრიზისულ პერიოდს 6-დან 8 თვემდე გაზრდის. არსებული ინფორმაციით, აჯაი ბანგა ვაშინგტონში დაგეგმილ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებზე ფინანსთა მინისტრებთან იმ მექანიზმების განხილვას გეგმავს, რომლებიც ენერგომატარებლების ფასების ზრდითა და მიწოდების ჯაჭვის წყვეტით დაზარალებულ ქვეყნებს დაეხმარება.

მსოფლიო ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, კრიზისული რეაგირების მექანიზმების გამოყენებით, ომის შედეგად დაზარალებულ სახელმწიფოებზე მილიარდობით დოლარის დაფინანსება სწრაფად გასცეს. არსებული წესების თანახმად, ქვეყნებს უკვე დამტკიცებული პროგრამების აუთვისებელი თანხების 10%-ზე წვდომა ოპერატიულად შეუძლიათ, რაც უახლოეს სამ თვეში ჯამურად $30 მილიარდის, ხოლო ნახევარ წელიწადში $70 მილიარდის მობილიზების შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბანგამ მთავრობები გააფრთხილა და მოუწოდა, სუბსიდიების გაცემისას სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან არსებობს რისკი, რომ ამან ფისკალური გამოწვევები კიდევ უფრო გაამწვავოს. ეს კი გრძელვადიანად უფრო მასშტაბური პრობლემების საფუძველი შეიძლება გახდება.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა ანალოგიური კრიზისული მექანიზმები COVID-19-ის პანდემიის პიკის დროსაც გამოიყენა, რაც წევრ ქვეყნებს ფინანსური დეფიციტის ოპერატიულ შევსებაში დაეხმარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები