პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავრობას კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ხელშესახები შედეგები აქვს და მსოფლიო სამეულშიც გეგმავს შესვლას. “ჩვენ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით რეიტინგებში საკმაოდ წინ წავიწიეთ და ამოცანაც გვაქვს რომ მსოფლიოს სამეულშიც მოვხვდეთ,” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამის საპირისპიროდ, მსოფლიო ბანკის, TRACE-ისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსები საქართველოში კორუფციის გაუარესებაზე მეტყველებენ. სწორედ ეს სამი ორგანიზაცია ითვლის მსოფლიოში კორუფციის დონეს. მათ ინდექსებში საქართველოს უკანასკნელ წლებში შედეგების გაუარესება უფიქსირდება. კერძოდ:
WB-ის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში, კორუფციასთან ბრძოლის კრიტერიუმში საუკეთესო ქულა 2014 წელს ჰქონდა და ის 77-ს შეადგენდა, 2024 წელს გამოქვეყნებული ინდექსით, რომელიც 2023 წელს არსებულ ვითარებას ასახავდა, საქართველოს ქულა იყო 71. შესაბამისად, მსოფლიო ბანკი ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ გაუარესებას ხედავს.
რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსს, უკანასკნელი შეფასება 2025 წლის თებერვალში გამოქვეყნდა და ის 2024 წელს არსებულ შედეგებს ასახავდა. ამ ინდექსში საქართველოს ქულა შეადგენს 53-ს, რაც 2023 წლის ქულის იდენტურია, თუმცა უფრო წინა წლებში საქართველოს ქულა უფრო მაღალი იყო და მაქსიმალურ ნიშნულს 58-ს 2018 წელს შეადგენდა.
TRACE-ის კორუფციის მატრიცის ინდექსში კი, რომელიც 2024 წელს არსებულ ვითარებას ასახავს საქართველოს ქულაა 36 (რაც ნაკლებია ქულა, მით მაღალია პოზიცია, 0 საუკეთესო, 100 ყველაზე დაბალი), რითაც მსოფლიოში 44-ე ადგილს იკავებს. 2023 წლის ინდექსში საქართველოს ქულა იყო 34, რითაც მსოფლიოში 35-ე ადგილს იკავებდა, 2022-ში ქულა იყო 33, საქართველოს პოზიცია კი 33 იყო, 2021-ში კი ქულა 26 იყო, ადგილი კი 29-ე. 2020-ში ქულა 25 იყო, პოზიცია კი 28-ე. საუკეთესო იყო საქართველოს პოზიცია 2017 წელს, როდესაც ქულა 23, პოზიცია კი 25-ე იყო. შესაბამისად, 2017 წლიდან დღემდე საქართველომ ინდექსში 13 ქულა დაკარგა, პოზიცია კი 19-ით გაუარესდა.

მსოფლიო ბანკის კორუფციის კონტროლის ინდექსი - მსოფლიო მმართველობითი ინდიკატორები:





























