მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ სომხეთისთვის 110 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა, რომელიც "ჯანმრთელობის ყოვლისმომცველი დაზღვევის უზრუნველყოფის" პროგრამას და შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას მოხმარდება.
ნაბიჯი მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას, ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფას და ამ მიმართულებით მთავრობის ხარჯების ეფექტურობის გაზრდას. ის სომხეთის მთავრობის ხუთწლიანი სამოქმედო (2021-2026) გეგმის განხორციელებას უჭერს მხარს და წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის განვითარების ეროვნული სტრატეგიის ქვეჯგუფს.
მსოფლიო ბანკის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ინდიკატორების გაუმჯობესების მიუხედავად, არაგადამდები დაავადებები კვლავ რჩება სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის წამყვან მიზეზად სომხეთში. საფინანსო ინსტიტუტი მიუთითებს, რომ სახელმწიფო დანახარჯების დაბალი დონე და ჯანდაცვის სისტემის დაბალი ეფექტურობა ხელს უწყობს მაღალ ე.წ. ჯიბიდან გადახდებს. ეს მაჩვენებელი 2021 წელს 81.4% იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.
სომხეთისთვის დაფინანსების გაცემა ხდება ინსტრუმენტით, რომელიც თანხების გაცემას პირდაპირ აკავშირებს კონკრეტული პროგრამის შედეგების მიღწევასთან. ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანდაცვის ამბიციურ რეფორმას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას მოიცავს.